უკრაინის გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
განცხადებაში არ არის ნახსენები თვითმფრინავის ჩამოვარდნა, მაგრამ ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, აწარმოოს „მონიტორინგი რაკეტების გაშვების წერტილებისა და მათი ტრანსპორტირების ლოგისტიკისა, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით.“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ „სროლის ინტენსივობა დაკავშირებულია იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რიცხვის გაზრდასთან, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში მიემართებოდნენ ბელგოროდის აეროდრომზე“. ამის გამო უკრაინის შეიარაღებული ძალები მომავალშიც აპირებს „ზომები მიიღოს ტრანსპორტირების საშუალებათა განადგურებისა და საჰაერო სივრცის კონტროლისთვის ტერორისტული საფრთხის შემცირების მიზნით“.
ასევე ნახეთ რუსეთი: ბელგოროდში ჩამოვარდა ილ-76, დაიღუპა 74 ადამიანი, მათ შორის უკრაინელი ტყვეებიიმის შესახებ, რომ ილ-76-მა ავარია განიცადა, ოთხშაბათს დილით განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მასში, როგორც ცნობაშია ნათქვამი, იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო, რომლებიც ბელგოროდის ოლქში მიჰყავდათ გასაცვლელად, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. ხელისუფლების ცნობით, 74-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ამის შემდეგ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეების გაცვლა უნდა შემდგარიყო.
„უკრაინსკა პრავდა“ და RBC Ukraine წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. გამოცემათა თანახმად, თვითმფრინავს S-300 საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა ხარკოვის ოლქის დასაბომბად. მოგვიანებით გამოცემებმა ეს ცნობა შეცვალეს და ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირზე.