ტანსაცმელი, ავეჯი, ჭურჭელი, წიგნები, ოჯახის ფოტოები ალბომიდან - კეკელიძის N1-დან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის ნივთები ამ დრომდე ქუჩაშია დატოვებული. მათ ნაწილს წვიმისგან დასაცავად პარკი აქვს გადაფარებული, ნაწილი სადარბაზოშია მიმოფანტული.
“წლების განმავლობაში ნაგროვები და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე წიგნებია განადგურებული. მამაჩემის მიერ შექმნილი ქალაქგეგმარების ნახაზები ერთმანეთშია აზელილი. წიხლით გადაუარეს და ქუჩაში დაყარეს. ეს იყო ნამდვილად სიმბიოზური გამოსახლება, პოლიცია და აღსრულება ერთად მოქმედებდა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. სამევახშეო სისტემის დაცვაზეა აწყობილი სახელმწიფო სასამართლო იქნება ეს თუ სხვა ძალოვანი უწყებები, ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი.
ბინასთან ამ დრომდე რჩებიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ბინის გასაღების ახალი მფლობელისთვის გადაცემამდე ადგილზე უსაფრთხოება უნდა დაიცვან.
“აღსრულების ფურცელში წერია, რომ გამარჯვებულ მხარეს ანუ კრედიტორს უძრავი ქონება გამოთავისუფლებული უნდა გადავცეთ. გუშინდელის გამო იქ ბევრი ტექნიკური ხარვეზია და სანამ პროცედურა არ დასრულდება, მეორე მხარე არ ჩაიბარებს, საკეტს არ დააყენებს, იქამდე უსაფრთხოებას ვიცავთ”, - ამბობს აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა შამუგია.
კეკელიძეზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ თანხმობის შემთხვევაში, მარინა ხატიაშვილისთვის ქავთარაძის ქუჩაზე ერთოთახიანი ბინის ჩუქების პირობა ძალაშია. ეს წინადადება გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარეებს შორის მოლაპარაკებისასაც განიხილებოდა. მაშინ შეთანხმება ვერ მოხერხდა.
“ჩვენ მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინა ხატიაშვილს ვთავაზობთ ზემოთაღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, თუკი ის აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება", - დაწერა სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართულია აღსრულების ეროვნული ბიუროც. უწყება მხარეებს მედიაციაში ისევ ეხმარება. მარინა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ შეთავაზება, გამოსახლების მიუხედავად, ისევ ძალაშია, თუმცა მისთვის პირობებია მიუღებელია. ამას ემატება უნდობლობა. ის დარწმუნებულია, რომ დარეჯან დვალი საბურთალოზე მდებარე ბინიდანაც გამოასახლებს.
“ჩუქებით აპირებენ ბინის გადმოფორმებას. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ წუთს შეუძლიათ ბინა უკან წაიღონ. შევთავაზე, სიმბოლური ნასყიდობა მაინც გავაკეთოთ-მეთქი და არ უნდათ”, - ამბობს მარინა ხატიაშვილი და ამატებს, რომ “ალტერნატიულ ფართზე დათანხმებას მას აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი პირებიც ურჩევენ, მათ შორისაა ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძეც.
ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ბოლო კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალიც. სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება აუქციონზე გავიდა, ბინა დარეჯან დვალმა იყიდა.
ასევე ნახეთ „მევახშის“ ვალი - ოჯახი გასახლების მოლოდინშიმარინა ხატიაშვილი ახალ მესაკუთრეს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში დარჩენის სანაცვლოდ 70 000 დოლარს სთავაზობს. ხატიაშვილის ადვოკატის, გიორგი მათიაშვილის თქმით, ეს თანხა ნასესხებს ორჯერ აღემატება. მხარეები ვერც ამ წინადადებაზე შეთანხმდნენ.
"სხვა გზას ვიპოვი. ბოლომდე ვიბრძოლებ, სამართლებრივი გზით ვივლი, მე თაღლითობის მსხვერპლი ვარ. არა მხოლოდ მე, ბევრი ოჯახია ასეთი. არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა გავერთიანდეთ", - ამბობს ხატიაშვილი.
ადვოკატის აზრით, "მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია". თუმცა დავა არ დასრულებულა. მარინა ხატიაშვილმა ერთი წლის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სარჩელი თაღლითური გარიგების ბრალდებით შეიტანა. გამოსახლების შემდეგ კი ახალ სარჩელს ამზადებს.
“არსებობს ძალისმიერი დაკავებისა და გამოსახლების კადრები, ამ პროცესში მონაწილეობდა საპატრულო პოლიცია, რომლის კომპეტენციაც ეს სფერო არ არის. შევაგროვებთ ამ მტკიცებულებებს და საერთო საჩივრით მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სტრასბურგის სასამართლოს”, - ამბობს ადვოკატი.
რა მოხდა?
აღსრულების პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. ბინა 2018 წლამდე მარინა ხატიაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციამ ოთხჯერ სცადა და მეხუთე ცდაზე მოახერხა მათი გამოსახლება. გამოსახლების პროცესს წინააღმდეგობა ხატიაშვილის ახლობლებმა, მეგობრებმა და მხარდამჭერებმა გაუწიეს, რა დროსაც 20 პირი დააკავეს. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტიც.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოსახლების დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმესაღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარი. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარნენ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
ასევე ნახეთ აქტივისტები გამოსახლებებზე მორატორიუმს ითხოვენ
2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:
- ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს უცხოურ ვალუტაში თანხას ვერ ასესხებს;
- ლარის სესხებისას უზრუნველყოფაში ვერ მიიღებს უძრავ ნივთს, ანუ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა;
- ის, ვინც 20-ზე მეტ პირზე გაასესხებს თანხას, ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს;
- განისაზღვრა ყველა ტიპის სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, წლიური 50%-ის ოდენობით.
"რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც მისთვის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდეს", - წერს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში.
მის ხელთ არსებული სტატისტიკით, 2016 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში დამოწმებულია 1 465 გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2018 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდში დამოწმებულია 11 132 გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა.