პრემიერი ისრაელში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა

ზაზა კანდელაკი (მარცხნივ), საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის სახელმწიფოში ახალდანიშნულ ელჩს, ზაზა კანდელაკს. ღარიბაშვილმა ელჩთან განიხილა ისრაელთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მათთვის უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია. მან „ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს და მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. შეთავაზება კი ისრაელიდან აქვს.

ჟვანიას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მას რომელიმე ქვეყანაში ელჩად დანიშვნას სთავაზობდა.

„შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მქონდა, ჯერ კიდევ მაისში საგარეო საქმეთა მინისტრისგან, შემდეგ, ასევე, მქონდა საუბარი აგვისტოში პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც გააგრძელა ჩემი ისრაელში ყოფნის ვადა, მაშინ ეს ვადა იყო გაგრძელებული პირველ თებერვლამდე და ამოიწურა ეს ვადა. ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობელი ვარ. არც იმას დაგიმალავთ, რომ დეკემბერში, როცა ელჩების შეხვედრა იყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ შემომთავაზა დავფიქრებულიყავი და დავთანხმებოდი რომელიმე ქვეყანაში ელჩად წასვლას", - თქვა ლაშა ჟვანიამ.

მას ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2019-2024 და 2005-2008 წლებში ეკავა.

შესწორება: თავდაპირველად რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ლაშა ჟვანია ისრაელში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე გააგრძელებდა საქმიანობას. მოგვიანებით, მათ გვაცნობეს, რომ ჟვანია, ბოლო პერიოდში დესპანის მოვალეობას ასრულებდა და უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას.

შესაბამისად, შეიცვალა მასალის სათაური: „პრემიერი ისრაელში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა, ლაშა ჟვანია კი საელჩოში გააგრძელებს მუშაობას".