13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონული სასამართლო

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც 13 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული.

კაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომატოზური მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა ბრალდებულის ადვოკატმა გია ფარადაშვილმა.

ასევე ნახეთ პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გამოძიება კაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.

კაცს, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაჭრა, 20 იანვარს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 12 მარტს, 12:00 საათზე.