თბილისში, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. ამ საკითხს კენჭი დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, 3 იყო წინააღმდეგი.
ამ გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი ამ ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.
ფუნქციური სტატუსი არ შესცვლია "ლაგუნა ვერეს" და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.
ყოფილი აბრეშუმის ქარხნისთვის სარეკრეაციო ზონის მოხსნის საკითხი საკრებულომ ზონის სხვა ცვლილებებთან ერთად გამოიტანა. წარმდგენს არ გაუმახვილებია ყურადღება, რომ სწორედ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიის საკითხი წყდებოდა. მხოლოდ ოპოზიციამ მოითხოვა, ოქმს წერილობით დართვოდა, რომ არ ეთანხმებიან ზონის ცვლილებას ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე.
ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი საკრებულომ წინასაახალწლოდ, 2023 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მოწონების შემდეგ, პროექტი მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად დაბრუნდა. ვინაიდან ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აქ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელი იყო, პროექტი ისევ საკრებულოს დაუბრუნეს - ამჯერად ზონის ცვლილების მოთხოვნით.
განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის მოწონების შემდეგ, ოპოზიციისთვის ნათელი იყო, რომ საკრებულოს დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილს სარეკრეაციო ზონის სტატუსსაც უპრობლემოდ მოუხსნიდნენ.
ცათამბჯენების პროექტში შენობების მხოლოდ 25% იქნება საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულებით გამოყენებული. დანარჩენი 75%, პროექტის მიხედვით, საცხოვრებელია.
ცათამბჯენების პროექტს სხვა ბევრი პრობლემა აქვს. სპეციალისტები ასახელებენ რამდენიმე ფაქტორს, რის გამოც "ლაგუნას" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. კერძოდ:
- სამშენებლო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია;
- ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს;
- ქალაქის ერთ-ერთ ურთულეს სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს ზრდის;
- უსაფრთხოების რისკები სათანადოდ გამოკვლეული არაა.
რა შენდება?
პროექტის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიაზე 52- და 40-სართულიანი ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, 1000-1000 საცხოვრებელი ბინითა და კომერციული ფართით; 1000-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით ვიზიტორებისა და მობინადრეებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციულ სივრცეებს, აგურის ფასადიანი ძველი აბრეშუმის ქარხნის შენობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას.
პროექტის მოცულობა 153 949 კვ. მეტრია. ტერიტორიაზე მოსახვედრად მოეწყობა 3 სამანქანო გზა, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი - კოსტავას ქუჩიდან. იგეგმება სავალი გზის განაპირა ობიექტების დაშლა და საავტომობილო ტრასის 4,5 მეტრით გაგანიერება.
პროექტის ავტორებმა „ლაგუნა ვერესთვის“ ძველი ფუნქციის დაბრუნების პირობაც დადეს.
ვინ აშენებს?
თავდაპირველად ცათამბჯენების ასაშენებლად ნებართვა ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ, „კოსტავა 69-მ". მოითხოვა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის მილიარდერი დამფუძნებლის, 30 დეკემბერს პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69-ის" დირექტორი ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. ის "ქართული ოცნების" შემწირველია და პარტიისთვის ჯამში 200 000 ლარი აქვს გადარიცხული.
2023 წლის აგვისტოში, „კოსტავა 69-მ" "ლაგუნა ვერე" და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. მყიდველი 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია შპს „ნეო სითი დეველოპმენტი“ იყო, გარიგების ფასი - 80 მილიონი დოლარი. კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, 2003-2004 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე მარიკა ვერულაშვილი.
ასევე ნახეთ წინასაახალწლო "საჩუქარი" - ცათამბჯენები თბილისის წინააღმდეგ