ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ბლოკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის უკრაინისთვის დახმარების შემცირების დრო.
"პირიქით, ჩვენ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ... ფინანსურ რესურსებთან, სამხედრო აღჭურვილობასთან, სამხედრო წვრთნასთან და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე", - თქვა ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბორელმა გამოაცხადა, რომ თებერვლის მეორე კვირაში უკრაინაში ჩავა - თუმცა არ დაუკონკრეტებია ვიზიტის თარიღი ან ვისთან გამართავს შეხვედრას.
მიმდინარე წელს ეს იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, განხილულ თემებს შორის იყო უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები.
შეხვედრის დაწყებამდე ბორელმა თქვა, რომ რუსეთის ძალებისგან უკრაინის თავდაცვა ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას.