გაეროს ექსპერტები რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინელი ბავშვების შესახებ გამოჰკითხავენ

გაეროს ექსპერტები რუსეთს გამოჰკითხავენ უკრაინელი ბავშვების ბედზე. 2024 წლის 22 იანვარი

22 იანვარს გაეროს კომიტეტი რუსეთის წარმომადგენლებს მოსთხოვს ახსნან, რა ბედი ეწია ათასობით უკრაინელ ბავშვს, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გაგზავნეს რუსეთში.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც 18 დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, რეგულარული განხილვის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს რუსეთის მონაცემებზე.

კითხვების ნაწილი მოსკოვს 2023 წლის პირველ ნახევარში გაუგზავნეს. კომიტეტს სურს დაადგინოს, რამდენი ბავშვი იქნა "ევაკუირებული" რუსეთში ან უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ არეალებში.