ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის არმიამ მთელ ფრონტზე გააძლიერა შეტევითი მოქმედებები

კადრი დრონით გადაღებული ვიდეოდან: ცეცხლწაკიდებული რუსული ჯავშანმანქანა ხარკოვის რაიონში, სინკოვკის მახლობლად ბრძოლებში. ფოტო 2024 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.

რუსეთის არმიამ „შეტევითი მოქმედებები გააძლიერა მთელს ფრონტზე, თან ის დიდ დანაკარგებს განიცდის“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ ანგარიშში.

სამინისტროს თანახმად, ხელთ არსებული მონაცემები „მიუთითებს რუსეთის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობის განუხრელ ზრდას უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. საკვანძო ფაქტორი, რაც ამას ხელს უწყობს, როგორც ჩანს, არის გრუნტის გაყინვა, რაც ჯავშანტექნიკას ძნელად სავალ რელიეფზე გადაადგილების საშუალებას აძლევს“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, 21 იანვრის მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაკარგა 376 030 სამხედრო, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში - 760 ჯარისკაცი.

12 დეკემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ომში კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდიან და, ამის მიუხედავად, მათ შეტევითი ოპერაციების წარმოება აქვთ გადაწყვეტილი. როგორც ცხადყოფს აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 12 დეკემბერს გამოქვეყნდა, ოქტომბერში იერიშის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ ავდეევკა-ნოვოპავლოვკის ხაზის გასწვრივ დაკარგა 13 ათასი ჯარისკაცი და 220-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, რაც ექვს მანევრულ ბატალიონს უდრის მარტო სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.

ამავე დროს Reuters-ი იტყობინებოდა წყაროზე დაყრდნობით, რომელიც იცნობს აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომში რუსეთმა 315 ათასი ჯარისკაცი დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილების სახით, რაც 90 პროცენტია იმ პირადი შემადგენლობისა, რომელიც მას უკრაინაში შეჭრამდე ჰყავდა.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, პირად შემადგენლობასა და ჯავშანტექნიკაში მოსკოვის დანაკარგებმა 18 წლით დააყოვნეს რუსეთის არმიის მოდერნიზაცია.