შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა და ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ლევ კვიცინია.
აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდებში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, - აღნიშნა სმირმა.
ხანძრის შესახებ დილის 4 საათზე გახდა ცნობილი - სიგნალი ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის პულტზე 03:38 საათზე შევიდა. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. ხანძარი მხოლოდ დილის 7.00 საათისთვის იქნა ლოკალიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, 4000 ტილო ცეცხლმა გაანადგურა თუ წყალმა. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
„დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიღუპა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია“, - განაცხადა საკანიამ.
ასევე ნახეთ „ქართველი მოგზაურები“ აფხაზეთში - რამ აღაშფოთა აფხაზური ტელეგრამი ასევე ნახეთ აფხაზეთში მემორიალის შებღალვისთვის მილიციელმა ბოდიში დაჩოქილმა მოიხადა
- აფხაზეთის ეროვნული გალერეა შეიქმნა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე. მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის მკვიდრმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ექიმმა იეზეკიელ ფიშკოვმა, რომელმაც გალერეას სახლი და 60 ტილო შესწირა.
- 1964 წლის 17 მარტს, როცა გალერეა გაიხსნა, დაწესებულებას თავისი ნამუშევრები გადასცეს მხატვრებმა მ. ეშბამ, ო. ბრენდელმა, ი. ცომაიამ, ი. ივანბამ და სხვ. თავდაპირველად გამოიფინა 100 ნახატი და 20 სკულპტურა. დროთა განმავლობაში კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრდა.
- გალერეის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1985 წლის 17 მარტს, როცა ექსპოზიცია გადავიდა ახალ მისამართზე, ლაკობას 17-ში. ამავე დღეს აფხაზეთში გადაასვენეს ცნობილი აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნეშტი.
- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, გალერეას გამოუყვეს ახალი შენობა - პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალთა გიმნაზიის სახით, თუმცა ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.