კახეთში ბიძამ 14 წლის გოგო გააუპატიურა

14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, ფაქტი 19 იანვარს მოხდა.

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მესაქონლეობის ფერმაში, 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა.

მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს ბავშვმა თავად უამბო. ამის შემდეგ კი გოგოს ბიძამ, მამის ძმამ, დანაშაულში ბრალდებული კაცი ცივი იარაღით დაჭრა.

„გაუპატიურებაში ბრალდებული ამჟამად საავადმყოფოშია, დაჭრაში ბრალდებული კაცი კი დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს გაუპატიურებისა (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე) მუხლებით”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

14 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. კლინიკაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

„მრავლობითი ჭრილობა აქვს, მათ შორის გულ მკერდის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია. რეანიმაციაშია და მდგომარეობა მძიმეა“, - ამბობს ექიმი.

რადიო თავისუფლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორია 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.