კიშინიოვი ისრაელს ადანაშაულებს მოლდოველი მუშების უფლებების დარღვევაში, აჩერებს შრომით შეთანხმებას

კიშინიოვი ისრაელს ადანაშაულებს მოლდაველი მუშების უფლებების დარღვევაში, 2024 წლის 19 იანვარი

მოლდოვამ შეაჩერა ინიციატივა, რომლითაც მშენებლობის მუშები ისრაელში იგზავნებოდნენ, და აცხადებს, რომ ისრაელელები მოლდოველებს ათავსებენ "მაღალი საფრთხის კონფლიქტის ზონებში", მათ ართმევენ პასპორტებს და სხვა ფორმებითაც ხელყოფენ მათ უფლებებს, ღაზაში მიმდინარე ომის გამო შემცირებული მუშახელის შევსების ძალისხმევის ფონზე.

რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს შრომის სამინისტრომ მიმდინარე კვირაში დაუდასტურა, რომ კიშინიოვმა "დროებით გადადო" ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში მუშათა დაქირავების მორიგი რაუნდი, მას შემდეგ, რაც მოლდოვის მოქალაქეებმა ბრალდებები გამოთქვეს - თუმცა, სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება შესაძლებელია აღდგეს, როცა ისრაელი დაადასტურებს, რომ ამგვარი პრაქტიკა შეწყდა და მოლდოვის მოქალაქეების "უსაფრთხოება და პატივისცემა" უზრუნველყოფილია.

ისრაელს მუშახელის დეფიციტი აქვს, რადგან ასი ათასობით რეზერვისტი და სხვა მოქალაქე ომშია გაწვეული, ათასობით პალესტინელს კი სამუშაო ადგილებთან წვდომაზე უარი ეთქვა ისრაელში - მას მერე, რაც ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მეომრებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევა მიიტანეს და დახოცეს 1100 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები.

ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.