რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ჰამასის მაღალჩინოსანთან

მიხაილ ბოგდანოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 იანვარს იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა შეხვედრა გამართა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მაღალჩინოსანთან, მუსა აბუ მარზუკთან, საიმისოდ, რომ განეხილა "არსებული დაძაბულობა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში" და "ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელმაც კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია".

რუსეთის მხარემ "ხაზი გაუსვა საჭიროებას მალე იქნენ გათავისუფლებული სამოქალაქო პირები, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიპყრეს და პალესტინელთა ფრაქციების ტყვეობაში არიან, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე" - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.