პაკისტანი აცხადებს, რომ არ სურს ირანთან დაძაბულობის ესკალაცია

პაკისტანი აცხადებს, რომ არ სურს ირანთან დაძაბულობის ესკალაცია. 2024 წლის 19 იანვარი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯალილ აბას ჯილანის თქმით, მის ქვეყანას "არც ინტერესი არ აქვს და არც სურვილი" ირანთან დაძაბულობის ესკალაციისა მას შემდეგ, რაც საზღვრის არეალებში თავდასხმებს მიმდინარე კვირაში ორივე მხარეს ემსხვერპლა სულ მცირე 11 ადამიანი.

18 იანვარს, დილით ადრე, პაკისტანის საბრძოლო თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანში, პაკისტანის განცხადებით, ექსტრემისტების სამიზნეებზე - თეირანის თქმით, თავდასხმებს შეეწირა სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი და ორი ქალი.

ჯილანიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, 19 იანვარს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ პაკისტანმა მიზანში ამოიღო "ტერორისტული ბანაკები", რომლებიც "ირანის ტერიტორიაზე" ეკუთვნოდათ ბალუჩისტანელ სეპარატისტებს.

"პაკისტანი არც დაინტერესებულია და არც სურვილი არ აქვს ესკალაციისა", - ჯილანის ამ სიტყვებს სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მანამდე, 16 იანვარს, "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC) განახორციელა დარტყმა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთის ბალუჩისტანის პროვინციაზე, რასაც ორი ბავშვი შეეწირა. თეირანის განცხადებით, მათი სამიზნე იყო სუნიტური ექსტრემისტული ჯგუფი ჯაიშ ალ-ადლი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული როგორც ირანის, ისე აშშ-ის მიერ.