ისრაელმა დაბომბა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი

საილუსტრაციო ფოტო: კვამლი ხან-იუნისის თავზე. 17 იანვარი, 2024.

19 იანვარს ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთი დაბომბა მას შემდეგ, რაც ის თავის მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, საჯაროდ დაუპირისპირდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ერთადერთი გზაა მდგრადი მშვიდობისკენ.

პარასკევს დილით თვითმხილველები ცეცხლსასროლი იარაღის სროლისა და საჰაერო რეიდების შესახებ იტყობინებოდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისიდან. ისრაელის თანახმად, ქალაქს თავს აფარებს პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მრავალი წევრი. აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასზე სრული გამარჯვების შემთხვევაშიც კი ისრაელმა უსაფრთხოების მოსაზრებებით უნდა გააკონტროლოს ღაზა და დასავლეთი ნაპირი, ეს კი „ეწინააღმდეგება პალესტინურ სუვერენიტეტს“.

აშშ, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რაც ისრაელის უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა.

19 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების პრობლემებისა და ღაზის აღდგენის მოკლევადიანი პრობლემების მოგვარება „შეუძლებელია“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე.

ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მრავალმა ქვეყანამ გაკიცხა ისრაელი და მას ძალის განურჩევლად გამოყენებაში დასდო ბრალი. აშშ აღნიშნავს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე, მაგრამ ამავე დროს მას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას სიფრთხილისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. უკანასკნელ ხანებში თავად ისრაელში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არა აქვს მძევალთა განთავისუფლების სტრატეგია და ომის შემდგომი ღაზის აღდგენის გეგმა.