წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს შეფასებას სააკაშვილთან და "ვივამედთან" დაკავშირებით

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი 2023 წლის 20 ნოემბერს კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლო სხდომაზე.

წამების პრევენციის კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოში პენიტენციური დაწესებულებებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაყვანილი პატიმრების უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მკურნალობასთან და გარემოსთან დაკავშირებით. დასკვნა, რომლის მოსამზადებლადაც ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" არაგეგმური ვიზიტით გასული წლის მარტში შევიდნენ, დღეს, 18 იანვარს, გამოქვეყნდა.

"პაციენტ C-ს შემთხვევაში (მიხეილ სააკაშვილი), მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მიუწვდება რიგ სამედიცინო სპეციალისტსა და მკურნალობასთან, ფაქტების ერთობლიობა: მრავალი თვის განმავლობაში მარტოობა, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობის არქონა და სამეთვალყურეო კამერების მუდმივი დაკვირვება იწვევს ვითარებას, რომელიც რეპრესიულია, ღირსების შემლახავი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - წერია დასკვნაში, რომელიც 25-27 მარტს შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.

დოკუმენტი ასახავს "ვივამედში", როგორც პენიტენციური სამსახურის მომსახურე კლინიკაში, არსებულ მდგომარეობას და შეეხება პატიმრების სამედიცინო მომსახურებისა და ცხოვრების პირობებს, ასევე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის დოკუმენტში მოხსენიებულია ბატონ C-დ (Mr C).

"მთავარი შემაშფოთებელი საკითხია სამედიცინო ჩანაწერების ხარისხი... არ არსებობდა ყოვლისმომცველი ქრონოლოგიური ჩანაწერები... ბატონი C-ის შემთხვევაში, ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენები მაინც არ იყო საკმარისად გამოკვლეული", - წერია დოკუმენტში. მასში "მნიშვნელოვან ხარვეზად" გამოყოფილია ის გარემოება, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები.

დელეგაციის შეფასებით, კლინიკის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე, სადაც პატიმრები არიან განთავსებული, უსაფრთხოების მოჭარბებული ზომები იყო გატარებული - პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ როგორც სამსახურებრივ ფორმაში, ისე სამოქალაქო ტანსაცმელში და თვალსაჩინო იყო მათი შეიარაღება.

სამ "დაცულ პალატაში" კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებთან სამედიცინო პერსონალი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით შედიოდა. "ეს ყველაფერი ჯანდაცვის დაწესებულებას არ შეეფერებოდა".

პატიმარ სააკაშვილის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია პალატაში დაყენებულ კამერებზე - სამი კამერიდან ერთი მუდმივად იღებდა საწოლს. "ეს არა მხოლოდ არღვევდა პაციენტის კონფიდენციალურობის უფლებას, ასევე ადამიანური ღირსების უპატივცემულობაა". დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სათვალთვალო კამერების დაყენების მიზანი მკურნალობასთან კავშირში არ ყოფილა, ექიმებმა და ექთნებმა კი არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ.

"ამჟამად მთლიანობაში მისაღები საცხოვრებელი პირობებისა, რაც მოიცავს სამედიცინო სპეციალისტების და მკურნალობის ფართო სპექტრს, კლინიკა "ვივამედის" 3 დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს შესაბამის თერაპიულ გარემოს, ვინაიდან საბოლოო სიტყვა ეკუთვნის პენიტენციურ (და არა სამედიცინოს) პერსონალს და პაციენტის პირადი ცხოვრების და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უგულებელყოფის გამო", - წერია დოკუმენტში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წამების პრევენციის კომიტეტის დაუგეგმავად განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ დასკვნას ოფიციალურად უპასუხა - უწყების განმარტებით, უკვე შეასრულა რეკომენდაციების ნაწილი, მათ შორის პატიმართა პალატებში მაგიდებისა და სკამების დადგმაზე.

დამატებით სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა უარი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე და ასევე "მუდმივად უარს ამბობს გარეთ გასეირნების უფლების გამოყენებაზე". ამ ოფიციალური პასუხით ასევე ირკვევა, რომ "ვივამედის" იმ პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილია სამკურნალოდ გადაყვანილი, შეიცვალა ფანჯრები და ოთახში დღის შუქის შესვლა შესაძლებელი გახდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ დასკვნის მიხედვით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.

"კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი... ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.