მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება. მათი ინფორმაციით, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა ივ ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება.
როგორც Bloomberg-ი წერს, ფულის გათეთრებაზე დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. გაკოტრების პირას მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse მიმდინარე წლის მარტში იყიდა UBS-მა.
Bloomberg-ი ასევე ციტირებს ივანიშვილის სპიკერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორებს მტკიცებულებებს, რომლითაც ჩანს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მზადყოფნა, დამალოს და გაათეთროს მისი თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავალი", - ამბობს ის.
- 2023 წლის თებერვალში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Credit Suisse Group AG -მ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა.
- 2022 წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს, სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ დოლარს ასახელებს). გადაწყვეტილება მაშინ ბერმუდის სასამართლომ გამოიტანა.
- 2022 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.
- ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლეკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა. თაღლითობისთვის გასამართლებულმა ლეკოდრონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
- ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
- მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლეკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
- Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობისა ყოფილიყო.