სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატი გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძარი, ადგილი, სადაც განთავსებული იყო წმ. მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.

უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც - დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში. როგორც დავით თარხან-მოურავმა უთხრა რადიო თავისუფლებას 16 იანვარს, ხატზე სტალინის გამოსახულება გადაიწერება და მის ნაცვლად სიმსივნისგან განკურნებული ქალი გამოისახება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეტალების გარკვევა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან სჯობს.

„მხოლოდ მამა იოვანეს ეცოდინება დეტალები. საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება და დაევალა სამების ტაძარს ამის სისრულეში მოყვანა. ამიტომ, რასაც მამა იოანე გეტყვით, იმით იხელმძღვანელეთ“ , - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

რადიო თავისუფლება ცდილობს არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილთან დაკავშირებას.

განახლება: მოგვიანებით, პირად ფეისბუქგვერდზე არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა დაწერა, რომ ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაიტანეს სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც "ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები".

ასევე ნახეთ "მე არაფერს ვასწორებ" - თარხან-მოურავის თქმით, ხატიდან სტალინს საპატრიარქო ამოშლის

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.

11 იანვარს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ “ვინაიდან იოსებ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც".

ასევე ნახეთ საპატრიარქო აცხადებს, რომ მატრონას ხატზე შეიცვლება სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.