გენერალმა ზალუჟნიმ დაადასტურა რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50.

გენერალ ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის.

А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.

ასევე ნახეთ უკრაინელებმა, სავარაუდოდ, გაანადგურეს და დააზიანეს ორი რუსული თვითმფრინავი

უკრაინულმა მედიამ და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა 14 იანვარს, ღამით, გაავრცელეს ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი А-50 და დააზიანეს ბომბდამშენი Ил-22.

„ეს თქვენ დნეპრისთვის... ჯერჯერობით დეტალების გარეშე“, - დაწერა 15 იანვარს, დილით, ტელეგრამზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. 14 იანვარს ერთი წელი გავიდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან, რომელსაც 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული თვითმფრინავების განადგურების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს მოსკოვში ჰკითხეს კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და მედიის წარმომადგენლებს ურჩია, თავდაცვის სამინისტროს მიმართონ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.