დნეპრში აღნიშნეს რუსეთის სარაკეტო დარტყმის წლისთავი, დავოსში მსჯელობენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულაზე"

უკრაინის ქალაქ დნეპრში აღნიშნეს რუსეთის სისხლიანი თავდასხმის წლისთავი. 2024 წლის 14 იანვარი

14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს რუსეთის მხრიდან საცხოვრებელ სახლზე მიტანილი სისხლიანი დარტყმის წლისთავის აღსანიშნავად. შეტევას ერთი წლის წინ 46 სამოქალაქო პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივებმა ყვავილები, სათამაშოები და სხვა ნივთები მიიტანეს 2023 წლის 14 იანვარს სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ადგილას.

პარალელურად, შვეიცარიის ქალაქ დავოსში უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები მსჯელობენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულაზე". შეხვედრაში, რომელიც ერთი დღით უსწრებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას, მონაწილეობენ 81 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დავოსის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულას". შარშან ზელენსკიმ შეხვედრაზე წარადგინა ათპუნქტიანი ფორმულა, რომელიც სხვა საკითხებს შორის მოიცავდა რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.