სერბეთი "უაღრესად პროვოკაციულს და სახიფათოს" უწოდებს კოსოვოს მიერ პოლიციის დამატებით შეიარაღებას

სერბეთი აკრიტიკებს კოსოვოს გადაწყვეტილებას საპატრულო პოლიციის დამატებითი შეიარაღების თაობაზე, 2024 წლის 13 იანვარი

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა პრიშტინას ბრალი დასდო დაძაბულობის სახიფათოდ გაზრდაში, მას მერე, რაც კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეცლამ გამოაცხადა, რომ პატრულირების დროს კოსოვოს პოლიცია თოფებითაც იქნება შეიარაღებული.

სვეცლამ ეს ინიციატივა 12 იანვარს გამოაცხადა და ის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში - რითაც გაიზარდა დაძაბულობა, რომელსაც დიდწილად იწვევს გასულ წელს სერბეთსა და კოსოვოს საზღვრის ახლოს მომხდარი სისხლიანი ძალადობის ინციდენტი.

გაშიჩმა სერბიის ყოფილი პროვინციის, ძირითადად ეთნიკური ალბანელებისგან დაკომპლექტებული საპოლიციო ძალის დამატებით შეიარაღებას უწოდა "უაღრესად პროვოკაციული და სახიფათო დაძაბულობის გაღრმავებისთვის".

თავის მესიჯში, რომლითაც ეს ინიციატივა გამოაცხადა, კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სვეცლამ მადლობა გადაუხადა "ხორვატიის მეგობრულ სახელმწიფოს". სვეცლას თქმით, მიზანია "უფრო უსაფრთხო გარემოს, უფრო მშვიდი საზოგადოებრივი წესრიგისა და მეტი უსაფრთხოების" მიღწევა პოლიციელებისთვის.

კოსოვოს პატრულის თოფებით დამატებითი შეიარაღების ფონია სექტემბერში მომხდარი სისხლიანი ინციდენტი - როცა კოსოვოელი პოლიციელი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, ხელმძღვანელობდა ბელგრადის მიერ მხარდაჭერილი და ამჟამად სერბეთში მყოფი კოსოვოელი სერბი პოლიტიკოსი.