მომდევნო დღეებში მოსალოდნელია თოვლი, 3-4-ბალიანი შტორმი და ყინვა - გარემოს ეროვნული სააგენტო

საილუსტრაციო ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, 3-4-ბალიანი შტორმი ზღვაზე და ყინვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით:

  • 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
  • 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
  • 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.