სამების ტაძრის მღვდელი სტალინის გამოსახულებიანი ხატის განთავსებაზე: „შენდობას ვითხოვ"

სამების ტაძრის მღვდელი, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი და ფრაგმენტი მატრონა მოსკოველის ხატიდან, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას. ის ეხებოდა ეკლესიაში განთავსებას წმინდა მატრონა მოსკოველის ხატისა, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიცაა გამოსახული. არქიმანდრიტი საკუთარ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს.

„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან", - წერს მღვდელი.

არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის პოსტი ფეისბუკზე

იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს „მთავარ არხს" უთხრა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

„ის არ არის ხატი, მოდი, ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის არ მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის. არც ჩანს, ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი", - განაცხადა 7 იანვარს არქიმანდრიტმა.

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი ის თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. „ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.

11 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.

საპატრიარქომ მიზეზი ასე განმარტა: რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია "მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში".

ხატის ერთ-ერთი შემწირველი არის „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია: „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!"

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

ასევე ნახეთ SOVLAB-ი გმობს „სტალინის განმადიდებელი შინაარსის ხატის" სამების ტაძარში განთავსებას
ასევე ნახეთ პოლონეთის 1,8 მილიონი მოქალაქე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა - პოლონეთის საელჩო გამოეხმაურა ხატს სტალინის გამოსახულებით

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

ასევე ნახეთ რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება