ოსტინის დიაგნოზი პრეზიდენტ ბაიდენს და საზოგადოებას ერთ დღეს აცნობეს

ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი(მარჯვნივ) და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადებიდან მეხუთე დღეს, პენტაგონმა დაასახელა მინისტრის დიაგნოზი - წინამდებარე ჯირკვლის, პროსტატის კიბო.

9 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ექიმების განცხადება, რომ ლოიდ ოსტინს დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოუვლინეს და 22 დეკემბერს გაუკეთეს ოპერაცია, რომელმაც გართულებების გარეშე ჩაიარა და მეორე დილით სახლში გაწერეს, თუმცა1 იანვარს ინფექციის გამო ოსტინი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თანახმად, ინფექცია დაძლეულია და მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება. ლოიდ ოსტინი რჩება უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ლოიდ ოსტინის დიაგნოზი მხოლოდ 9 იანვარს, დილით, პენტაგონის საჯარო განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. ეს დაადასტურა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მისი განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს და მთავრობამ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პროცედურებს უნდა გადახედოს. კირბის თქმით, პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ასევე ნახეთ ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში რჩება, პენტაგონს ინფორმაციის დამალვის გამო აკრიტიკებენ

პენტაგონმა ოფიციალურად 5 იანვარს გამოაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი 1 იანვრიდან იმყოფება უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში. თავდაცვის სამინისტროს ოსტინის ჰოსპიტალიზაციის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია და მხოლოდ ის თქვა, რომ კლინიკაში გადაყვანა საჭირო გახდა დეკემბერში ჩატარებული გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულების გამო.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესმა ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდნენ.

პენტაგონში აკრედიტებული კორესპონდენტების ასოციაციამ თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა ოსტინის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაციის პოსტფაქტუმ გავრცელების გამო და განაცხადა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რომ მთავრობის წევრი საავადმყოფოშია და მისი მოვალეობა სხვა პასუხისმგებელ პირზეა დელეგირებული.

გამჭვირვალობის მხრივ პრობლემის არსებობა აღიარა თავად ლოიდ ოსტინმა. პენტაგონის საიტზე 6 იანვარს გამოქვეყნდა მინისტრის განცხადება, რომ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი თავად იყო და აღიარებს, რომ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა უკეთ შეიძლებოდა.

რაც შეეხება უფლებამოსილების დელეგირებასა და პრეზიდენტის და კონგრესის ინფორმირებას, პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გარკვეული უფლებამოსილება 2 იანვარს გადასცა მოადგილეს, კეტლინ ჰიკსს და თანამშრომლებს ეს ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.

გენერალ რაიდერის ინფორმაციით, ოსტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მინისტრის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრ სახლს 4 იანვარს აცნობა. პენტაგონში შეფერხების მიზეზად ის დაასახელეს, რომ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გრიპით იყო ავად. კონგრესს ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის ფაქტი ოფიციალურად 5 იანვარს შეატყობინეს.

პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში უკვე მუშაობენ თეთრი სახლის და კონგრესის ინფორმირების პროცედურის გასაუმჯობესებლად.