მოსკოვის სასამართლომ რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს პატიმრობის ვადა გაუგრძელა

რეჟისორი ჟენია ბერკოვიჩი (მარჯვნივ) და დრამატურგი სვეტლანა პეტრიიჩუკი მოსკოვის სასამართლოს მოსმენაზე. 30 ივნისი, 2023 წელი

მოსკოვის ზამოსკვარეცკის რაიონის სასამართლომ 10 მარტამდე გაუგრძელა პატიმრობა რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს.

მათ ტერორიზმისკენ მოწოდება ედებათ ბრალად სპექტაკლისთვის, რომელშიც გამოყვანილი არიან რუსი ქალები, რომლებიც სირიაში წავიდნენ, რათა ტერორისტების ცოლები გამხდარიყვნენ.

საქმის მასალებს დაემატა რუსეთის უშიშროების სამსახურის ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები ბერკოვიჩის ქალიშვილების მდგომარეობის შესახებ, იუწყება „მედიაზონის“ კორესპონდენტი.

რეჟისორის ადვოკატის, ქსენია კარპინსკაიას თქმით, ექსპერტიზის ტექსტში ნათქვამია, რომ „ისლამური იდეოლოგია“ ტერორიზმის იდენტურია. სისხლის სამართლის საქმე ბერკოვიჩის და პეტრიიჩუკის მიერ "ტერორიზმის საჯარო გამართლების შესახებ" აღიძრა მაისის დასაწყისში, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

მათ ემუქრებათ 7-წლიანი პატიმრობა.

ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. მათ მხარდასაჭერად გამოვიდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები. სპექტაკლი „ფინისტი ნათელი შევარდენი“ 2020 წელს დაიდგა და 2022 წელს რუსეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი, „ოქროს ნიღბით“, დაჯილდოვდა. ბერკოვიჩი ამბობდა, რომ სპექტაკლის დადგმისას მან გამოიყენა რეალური ამბები სირიაში წასული რუსი ქალების შესახებ, მათი სასამართლო მასალები, ესაუბრა მუსლიმან სასულიერო პირებს და რუსეთის სამართალდამცველებს.