ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1 თებერვალს, სამიტზე, ევროპის კავშირის ქვეყნებმა ვერ დაამტკიცეს კიევის მხარდაჭერის 50-მილიარდევროიანი პროგრამა.
ამის შესახებ განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბელგიის, 1 იანვრიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე, ქვეყნის, პრემიერ-მინისტრი, ალექსანდერ დე კროო.
"პრიორიტეტია ევროპის კავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობის მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული", - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ. ფონ დერ ლაიენმა დააზუსტა, რომ ახალი წლის წინ, ევროპის კავშირმა უკრაინას გადაურიცხა 1.5 მილიარდი ევრო, რაც 2023 წლის დახმარების პროგრამის - 18 მილიარდი ევროს - ბოლო ნაწილი იყო. მას არ დაუზუსტებია ალტერნატიული პაკეტის დეტალები.
თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინისთვის 50- მილიარდიანი ევროს დახმარების პროგრამის შეთანხმება უპრობლემოდ მოხერხდება. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე, ამ თანხის გამოყოფა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
დეკემბრის შუა რიცხვებში, გაზეთმა Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე. გაზეთის თანახმად, ასეთი პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ევროპის კავშირის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რომელიც საშუალებას იძლევა, ხმის უფლება ჩამოერთვას ქვეყანას, ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება დაბლოკოს ევროპის კავშირის წევრმა სხვა ქვეყანამ.