გრძელდება მწვავე ბრძოლები ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისში

ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი. 2 იანვარი, 2024.

2 იანვარს მწვავე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისიდან. მანამდე ისრაელმა გამოაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცი გაჰყავს სხვა რეგიონებიდან. ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ სუსტდება საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები, რომლებმაც მძიმე შედეგი მოუტანა ჰამასის კონტროლქვეშ მყოფ ღაზას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ომს მანამდე გააგრძელებს, სანამ ჰამასი განადგურდება და გაათავისუფლებენ 100-ზე მეტ მძევალს, რომლებიც ჯერაც რჩებიან ჰამასის ტყვეობაში. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

31 დეკემბერს ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ კვლავ ისრაელის კონტროლს დაუქვემდებარებს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარს. ამით ფართოვდება ისრაელის მისია, რომელიც აღარ შემოიფარგლება ჰამასის ლიკვიდაციით. პრემიერ-მინისტრის თქმით, ღაზაში ომი „კიდევ მრავალ თვეს გასტანს“.

ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი აიყვანეს მძევლად.

ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში დაღუპულია თითქმის 22 ათასამდე ადამიანი. მათ დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.