პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე
პირველი, რაც უნდა ვახსენოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსია. ისტორიული გადაწყვეტილება ბრიუსელში 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღეს.
ამას სულ ორიოდე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოყირავებული გეოპოლიტიკური სიტუაციის, ისევე, როგორც დასავლეთისკენ საქართველოს 30-წლიანი უწყვეტი სწრაფვის გამო, ევროკავშირთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე.
ხალხი VS ხელისუფლება
ბევრი მიიჩნევს, რომ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, მარტის მასშტაბურმა აქციებმაც.
პროტესტი თებერვლის ბოლოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც, მიღების შემთხვევაში, დაავალდებულებდა ყველა ორგანიზაციას, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებით, დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური გავლენის აგენტად“.
მიუხედავად იმისა, რომ „ხალხის ძალა“ ამტკიცებდა, რომ პირდაპირ, შესწორებების გარეშე გადმოთარგმნეს აშშ-ში მოქმედი კანონი, მათი ანტიდასავლური განცხადებების გამო, ინიციატივას მალევე დაერქვა „რუსული კანონი“. ასეთივე კანონი კრემლმა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შესავიწროებლად გამოიყენა.
გლობალური ომის პარტიის შეთქმულებით შეპყრობილ „ქართული ოცნების“ მთავრობას „კუდიანებზე ნადირობის“ გეგმა დიდწილად თაობა Z-მ ჩაუშალა.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გამოსულ ახალგაზრდებს, ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დაუშინა, პროტესტის მონაწილეებმა სპეცრაზმს - მოლოტოვის კოქტეილები. მზარდი პროტესტის ფონზე მთავრობამ უკან დაიხია და კანონპროექტიც გაიწვია.
არშემდგარი იმპიჩმენტი
კიდევ ერთი ჩაშლილი გეგმა – პრეზიდენტის იმპიჩმენტი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალისხმევით არჩეული სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვო ვიზიტებისთვის კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა.
ზურაბიშვილ პარიზში, ბერლინსა და ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის ადვოკატირებისთვის ჩავიდა. თუმცა მთავრობა მას პირიქით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობაში სდებდა ბრალს. მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოც დაეთანხმა და თქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
თუმცა ზურაბიშვილის გადაყენებისთვის პარლამენტს სულ მცირე 100 ხმა სჭირდებოდა, 86-ზე მეტი კი არ შეგროვდა.
გვარამიას შეწყალება
„ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დიდი ხანი მწიფდებოდა. სალომე ზურაბიშვილი ხმამაღლა აკრიტიკებს ხელისუფლებას ავტორიტარიზმისკენ შემოტრიალებისთვის. ამის ერთ-ერთი ნაწილი ნიკა გვარამიაა.
გვარამია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პატიმრობამისჯილი მედიამენეჯერი, ტელეწამყვანი და ოპოზიციური არხის თანამფლობელია. ის 2022 წელს დააკავეს წინა თანამდებობაზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მოხმარების ბრალდებით, რასაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმედ მიიჩნევს.
პრეზიდენტმა ივნისში შეიწყალა.
პრაიდ-ფესტივალის დარბევა
2023 რთული წელი იყო ადამიანის უფლებებისთვის. სახელმწიფომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრული ჯგუფი, ლგბტ თემი კიდევ ერთხელ მარტო დატოვა მოძალადე, პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ პირისპირ.
ივლისში „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილი ღონისძიება, მუსიკალური ფესტივალი დაწყებამდე ჩაიშალა. „პრაიდის“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თვეების განმავლობაში აძლევდნენ ღონისძიების და მისი მონაწილეების დაცვის გარანტიებს. თუმცა ფესტივალის ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ მობილიზებული ადამიანები ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე შეიჭრნენ, გაძარცვეს და დაარბიეს იქ მოწყობილი სტენდები.
ტრაგედია შოვში
საქართველო შეძრა რაჭის ტრაგედიამ, რომლის დროსაც მეწყერ-ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ცნობილი კურორტი შოვი და დატოვა უამრავი კითხვა, სამაშველო სამსახურის გამართულობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ შოვის ტრაგედია - რამე ვისწავლეთ?ოკუპაციის ფასი
2008 წლის შემდეგ, 2023 ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წელი იყო გამყოფი ხაზის გასწვრივ. ცხინვალის რეგიონში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური.
გინტურის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველ ვიდეოში ის, თანმხლებ ლევან თოდიაშვილთან ერთად, ამტვრევს საოკუპაციო ზოლის მიღმა მოქცეულ ეკლესიის კარს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჩაჭედეს.
გინტურის მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, აფხაზეთში, გალში, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა. მის სიკვდილში კარბაიას ოჯახის წევრები აფხაზეთის ე.წ. მილიციას ადანაშაულებს.
ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ ოჯახმა არ იცის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს.
რუსული სამხედრო პორტი აფხაზეთში
გალიდან სულ 30 კმ-ში, ოჩამჩირეში რუსეთი სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის, რაც თბილისში შეშფოთებას იწვევს.
სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ახალი კონსტრუქციები და მიმდინარე სამუშაოები იმისთვის, რაც უნდა იყოს პორტი, რომელიც დაიტევს 13 000 ტონამდე მოცულობის სატვირთო გემებს.
ანალიტიკოსების აზრით, თუ რუსეთი ოჩამჩირეს გამოიყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის, ან უკრაინა გადაწყვეტს, რომ დაარტყას რუსულ გემებს ოჩამჩირეში, ომი საქართველოს ჩათრევის ალბათობა გაიზრდება.
გარდა ამისა, რუსეთის გეგმები საფრთხეს უქმნის ენგურის აქეთ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასაც. ანაკლიის პორტს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ე.წ. შუა კორიდორში, რომელმაც ჩინეთიდან დასავლეთში ტვირთები უნდა გაატაროს.
ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა
უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირების მცდელობამ ახალი სიცოცხლე შესძინა შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპულ ბაზრებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით.
ესაა გზების, რკინიგზისა და პორტების დაახლოებით 6 500 კმ-იანი ქსელი ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანში, საქართველოს, თურქეთსა და ევროპაში. მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, შუა დერეფნით ვაჭრობის მოცულობა 2030 წლისთვის შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს.
პორტის მშენებლობა, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, 2024-ის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. სახელმწიფოს მასში 51%-იანი წილი ექნება, ინვესტორებად კი ორ კომპანიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ესენია შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები.
ანალიტიკოსების აზრით, შერჩეული კომპანია იქნება ნიშანი იმისა, სურს თუ არა თბილისს დასავლური ინტეგრაცია, თუ ჩინეთთან დაახლოებას გადაწყვეტს.
მანამდე კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში შეაქო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, როგორც სამაგალითო ლიდერი.