„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, აწ უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესასრულებლად დაბრუნდა და მისი ნაბიჯი - გუნდის ცდუნებებისგან დაცვას ემსახურება. პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების განაცხადი 30 დეკემბერს გაკეთდა.
„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ VII ყრილობაზე, 30 დეკემბერს.
ივანიშვილმა განმარტა, რომ „ოპოზიციის განადგურების პირობებში“ „იზრდება რისკები მმართველ გუნდში“ და როცა ოპოზიციასთან დასაპირისპირებლად ძალისხმევა აღარ არის საჭირო - „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება, რადგან დღევანდელი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანიის გარეშეც კი აიღებდა 90-100 სადეპუტატო მანდატს. წელს ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკვლევების შედეგებით - ეს ვარაუდი არ დასტურდება.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ყრილობის დახურული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს. წინასწარი ინფორმაციით, ყრილობას 350 დელეგატი ესწრება.
მედიას ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. ყრილობის ტრანსლირება ერთიანი სამაუწყებლო სიგნალით ხდება.