ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას გამოიყენა „ყველაფერი, რაც ჰქონდა“, „მნიშვნელოვანია მსოფლიოს რეაგირება ამ ტერორის მიმართ“

კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 29 დეკემბერი. 2023 წელი

უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა 28 და 29 დეკემბრის მასირებული თავდასხმის დროს.

რუსეთმა ჰიპერბგერითი და სხვა რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა იერიში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე კიევში, ლვოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში.

გავრცელებული ცნობით, ეს იყო ყველაზე მასირებული თავდასხმა უკრაინაზე 22-თვიანი ომის განმავალობაში. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა „იარაღის თითქმის ყველა სახეობა, რაც აქვს არსენალში“. მისი თქმით, „უკრაინა პასუხს გასცემს ყველა თავდასხმას და მნიშვნელოვანია მსოფლიოს რეაგირება ამ ტერორის მიმართ“.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, მისმა ძალებმა ჩამოაგდეს 158-დან 114 რაკეტა და უპილოტო აპარატი. რამაც მიზანს მიაღწია - გამოიწვია მსხვერპლი და ნგრევა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 30-ია, ხოლო 160 დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა,რომ ეს იყო „უმსხვილესი თავდასხმა უკრაინაზე ომის დაწყების შემდეგ“. ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის უკანასკნელი დაბომბვა წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მკაცრ შეხსენებას, რომ თითქმის ორწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ პუტინის მიზანი უცვლელია.