1 იანვრიდან ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო ხდება

საავტომობილო მოძრაობა თოვლში - საილუსტრაციო ფოტო

2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება კანონი, რომლითაც ზამთრის სეზონზე, 3 თვის განმავლობაში სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე მანქანებით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს, პოლიცია დააჯარიმებს 100 ლარით და ჩამოაკლებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან 5.

1 დეკემბრიდან 1 მარტამდე ზამთრის საბურავებით სიარულის ვალდებულება ვრცელდება:

საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მონაკვეთები:

  • ოსიაურის კვანძი - სურამის კვანძი;
  • რიკოთის გვირაბი - წევა;
  • მლეთა - კობი;
  • დმანისის გადასახვევი - გუგუთი;
  • ქვიშხეთი - ვალე;
  • ზაჰესი - რუსთავი;
  • ახალციხე - საზღვარი;
  • ახალქალაქი - საზღვარი;

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

  • ქედა-ახალციხე;
  • ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;
  • ჯვარი-ლასდილი;
  • წყალთაშუა-საირმე;
  • ძეძილეთი-მელე;
  • ჟონეთი- ამბროლაური;
  • ორპირი-ტყიბული;
  • ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;
  • ალპანა-ცაგერი;
  • ძევრი-ტყიბული;
  • ბორჯომი- ახალქალაქი;
  • ახალქალაქი;
  • გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერე;
  • ჭიათურა-ზესტაფონი;
  • ჟინვალი-ბისო;
  • თიანეთი-ჟინვალი;
  • თბილისი-თიანეთი;
  • ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;
  • თეთრიწყარო-წალკა;
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;
  • სასადილო-თელავი;
  • თიანეთი-ახმეტა;
  • დაბა ბაკურიანის წრიული;
  • დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი;
  • ჩოხატაური-ბახმარო;
  • ნიჩბისი-დიდი თონეთი;
  • საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

ჯამში შეზღუდვები გრძელდება 1600 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთზე.

როგორი საბურავები უნდა იყოს:

  • დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი;
  • არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
  • არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
  • საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა.
ასევე ნახეთ რა ღირს ზამთრის საბურავები და რომელ გზებზე დაგჭირდებათ ის

"მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა", - აცხადებენ შსს-ში.