გვარამია: არავის ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადია: მოდი, გავაკეთოთ ერთად

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კოალიცია შეიქმნება მისი და იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელთა ვინაობასაც ჯერ არ ასახელებს. "მთავარი არხის" ეთერში სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას მანვე განმარტა, რომ არავინ ერთიანდება მასთან და არავისთან ერთიანდება ის:

"მე არავის ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადია: მოდი, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც იგივე განწყობაზე არიან და მე მეძახიან, "მოდი, გავაკეთოთ ერთად". მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს, ვინც "მოდი ჩემთანს" მეუბნება, მე არ ვაპირებ რაღაცის მოქსოვას და შემდეგ ვიღაცების მოხიბვლას, რომ მოდით, გაებით ამ ქსელში.

"ჩვენ" ვინ იქნება, ამას სხვების გარეშე ვერ გეტყვით... მე ცოტა განსხვავებულად ვუყურებ, როგორი უნდა იყოს პარტია. რაკიღა არ არსებობს ბლოკები, აკრძალულია და ამავდროულად, მივდივართ კოალიციური ხელისუფლებისკენ, მე მგონია, რომ უნდა ავირჩიოთ შუალედური, ტრანზიციული ფორმა...

ისინი, ვისთანაც ერთად მე აღმოვჩნდები, არიან ცენტრიდან ზომიერად მარცხნივ, ცენტრიდან ზომიერად მარჯვნივ, სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვანაირად ვხედავთ, მაგრამ ჩვენი პოზიციები იქნება ერთიანი და მიმართული იქითკენ, რომ საქართველოში "ქართული ოცნება" შეიცვალოს. ჩვენ ვიქნებით გამბედავები, გამოვასხივებთ კომპეტენციას, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შეგვიძლია შეცვლა და მართვაც".

გვარამიას განცხადებით, პოლიტიკური პროექტი, რომელშიც თავად აღმოჩნდება, "ახალ ადამიანებზე" იქნება დაფუძნებული.

"ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული. რამდენი სუბიექტი თუ ადამიანიც არ უნდა შევიდეს, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ., ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, სიაში ყოველი მეორე ან მინიმუმ ყოველი მესამე იყოს ის, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში", - თქვა მან.

გვარამიას თქმით, ეს არ იქნება "ყოფილების პარტია", თუმცა მისივე დაზუსტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის რომელიმე ყოფილი წევრი არ იყოს მასთან ერთად. წამყვანის კითხვაზე, "მოიაზრება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. კოალიციაში", ნიკა გვარამია ასე პასუხობს: "ყოფილი 'ნაციონალური მოძრაობა', შეიძლება ასე დაგესვათ შეკითხვა. ყოფილებში ეს ვიგულისხმე. 'ნაციონალურ მოძრაობას' მე ვერ დავუძახებ ვერსად, ჩამოყალიბებული პარტიაა, მას თავისი დიდი სტრუქტურა აქვს, თავისი გზა აქვთ არჩეული და უცნაური იქნება, მე საიდანღაც დავუძახო. ვერც 'ნაციონალური მოძრაობა' ვერ დამიძახებს. [ამის მცდელობა] ისე დასრულდა, როგორც ხედავთ. მე სხვანაირად ვხედავ ამოცანის, მიზნის მიღწევის გზებს. ჩვენი მეთოდოლოგია დრამატულად განსხვავდება".

მანვე დაადასტურა, რომ "ელაპარაკება" ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ასევე ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. მელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება რამდენიმე კვირის წინ დააანონსა.

"ეს არის ხალხი, ვისთანაც მე ურთიერთობა არ მიჭირს, მაინტერესებს და მათი რესურსი თვალნათელია. კიდევ ერთხელ, "ყოფილთა კლუბი" არ ვიქნებით. აქ იქნებიან ადამიანები, ვინც არავის ყოფილი არ ყოფილა. ჩვენს რიგებში იქნებიან, ძირითადად, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად წამყვანი ხალხი, ვისაც ყოფილობის ტვირთი არ აქვს და არც უნდა ავკიდოთ", - თქვა მან და დაამატა, რომ არ ჰქონია კომუნიკაცია "ევროპულ საქართველოსთან".

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს, მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.