ანაკლიის განვითარების სააგენტო საკონსტულაციო მომსახურებაში 2.8 მლნ ლარს გადაიხდის

ფოტო არქივიდან: ანაკლია. 3 აგვისტო 2018 წელი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებაში 2.8 მლნ ლარს გადაიხდის. სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა უკვე მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას საკონსულტაციო კომპანიებთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობით ხსნის. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მომსახურეობა შეუფერხებლად, კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით მიიღონ.

“საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა.

დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. Squire Patton Boggs ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება”, - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2 850 000 ლარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავს.

ასევე ნახეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება - ღარიბაშვილი

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა და მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტროთან ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ 2020 წელს შეწყვიტა, რადგან მათი განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ინვესტორი ამას უარყოფს და მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ანაკლიაში პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს.

ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ