მოსკოვის აკადემიურმა ახალგაზრდულმა თეატრმა (РАМТ) რეპერტუარიდან მოხსნა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი ყველა სპექტაკლი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“ თეატრის პრესატაშეზე დაყრდნობით იუწყება.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, თეატრი სპექტაკლების გაუქმებას „საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებით“ ხსნის. ამიერიდან ახალგაზრდულ თეატრში მაყურებელს აღარ უჩვენებენ სპექტაკლებს „ერასტ ფანდორინი“, „ინი და იანი. თეთრი ვერსია“ და „ინი და იანი. შავი ვერსია“.
18 დეკემბერს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა („როსფინმონიტორინგმა“) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა ლონდონში მცხოვრები რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი).
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის (დანაშაულები გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2-ე და 207.3-ე მუხლებით). კომიტეტის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპირებენ გრიგორი ჩხარტიშვილის ძებნილად გამოცხადებას.
ასევე ნახეთ
რატომ ერჩიან აკუნინ-ჩხარტიშვილს?!უფრო ადრე რუსულმა გამომცემლობა АСТ-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „აჩერებს“ ბორის აკუნინისა და დმიტრი ბიკოვის წიგნების გამოცემას და ელოდება „სამართლებრივ შეფასებას“ მწერლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. პარალელურად, რუსეთის წიგნის მაღაზიებმაც, მათ შორის ონლაინმაღაზია „ლიტერსმა“, გადაწყვიტეს აკუნინისა და ბიკოვის წიგნების ქსელიდან ამოღება.
ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრას.