ოკუპირებულ ჯავის რაიონში სოფლების ნაწილი მეოთხე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ჯავა

ოკუპირებულ ჯავის რაიონში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა იმ სოფლებში, რომლებიც მოწყვეტილნი არიან რაიონულ ცენტრს. ჯავის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მადინა ცხოვრებოვამ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ განუცხადა, რომ შესაბამისი კომუნალური სამსახურების თანამშრომლები გზებს წმენდენ როგორც ჯავაში, ისე მიმდებარე სოფლებში, თუმცა ტექნიკის შეყვანა ჯერჯერობით ყველგან ვერ ხერხდება.

„საბინაო და კომუნალური სამსახურების თანამშრომლები და ტექნიკა უკვე მეორე დღეა ჩართულია გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში. რაიონიდან მოშორებული ედისი და მისი მიმდებარე სოფლები კი კვლავ მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს“, - აღნიშნა ცხოვრებოვამ.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ცხინვალშიც, სადაც ადგილობრივი სამსახურები გზებს იმ ინტენსივობით ვერ წმენდენ, რომ გადაადგილებისას მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს პრობლემები არ შეექმნათ. როგორც ოკუპირებული ცხინვალის საბინაო-კომუნალური სამსახურის უფროსმა სოსლან ლალიევმა ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, სამსახურს არა აქვს საშუალება, რომ თანამშრომლები ყოველ ნახევარ საათში გავიდნენ გზებისა და ტროტუარების გასასუფთავებლად, რადგან სპეციალური ტექნიკა ან მოძველებულია, ან არასაკმარისია.

„ტექნიკა ძალიან მოძველებულია და მთლიანად ამოწურა თავისი რესურსი. უფრო მეტიც, ის არასაკმარისი რაოდენობითაა. ზამთრის სეზონისთვის ტექნიკას წინასწარ ვამზადებთ, მაგრამ ისევ ძალიან ცოტაა და მოძველებულია“, - აღნიშნა მან.

ლალიევის თქმით, კომუნალური სამსახური ყველაფერს აკეთებს გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად, თუმცა მსგავსი პრობლემები კომუნალური სამსახურების მუშაობას აფერხებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მეოთხე დღეა თოვს, რაც გზებზე პრობლემებს ქმნის. სტიქიამ გუშინ ახალგორის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და წინაგრის ზონის სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.