გამართავს თუ არა კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, ახალციხეში კონცერტს? - მსახიობი და რეპერი ჟურნალისტებთან დეტალებზე არ საუბრობს. იგი ირწმუნება, რომ 27 დეკემბერს ახალციხეში ჩასვლას არ აპირებდა.
მომღერლის კონცერტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია 21 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავდა წინასაახალწლო კონცერტების განრიგი, რომელშიც წერია, რომ კაბუ ჯგუფ ¼-თან ერთად იმღერებდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, კონცერტში მონაწილეობის სურვილი რეპერმა თავად გამოთქვა და მერია მას ჰონორარს არ გადაუხდის.
"კაბუ არ არის მსჯავრდებული, ბრალდებულია და ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას", - განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
ამასთან, მომღერალი ამბობს, რომ ახალციხეში კონცერტის გამართვას არც კი გეგმავდა.
"არაფერი არ მაქვს ახალციხეში დაგეგმილი. მე არ ვმღერი ხვალინდელ კონცერტზე. ახალციხის მერი რას ამბობს, მე არ ვიცი, მე ვამბობ, რომ არ მაქვს ხვალ ახალციხეში დაგეგმილი კონცერტი", - განაცხადა კახა აბუაშვილმა.
ქალზე ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობისა და რეპერის კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ახალციხეში ჩასვლა ქალაქის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ ქალთა საზოგადოება" ახალციხეში, წინასაახალწლო კონცერტში კაბუს მონაწილეობას განცხადებით ეხმიანება და ორგანიზატორებს მოუწოდებს, სასამართლოს მიერ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, თავი შეიკავონ მისი მონაწილეობით კონცერტის გამართვისგან.
"Womens Organization Samtskhe-Javakheti 25 წელზე მეტია მუშაობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის ,ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე მონაწილედ მოწვეულია, მომღერალი ”კაბუ” რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებულია( ბრალი წარუდგინა გენერალურმა პროკურატურამ) ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით.
გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი არის ძალიან სენსიტიური მოვუწოდებთ ორგანიზატორებს , თავი შეიკავონ მისი მონაწილეობით კონცერტის გამართვაზე სასამართლოს მიერ საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, რათა არ მოხდეს ძალადობის წახალისება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე აღნიშნავს, რომ ძალადობაში ბრალდებულის მოსმენა და ტაშის დაკვრა მის აღიარებას ნიშნავს. მოდებაძე წინააღმდეგია, რომ მის ქალაქში თუნდაც "ბრალდებულ მოძალადეს" უკრავდნენ ტაშს.
"ჩვენმა ორგანიზაციამ და სახელმწიფომ უდიდესი შრომა ჩავდეთ ძალადობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. უამრავი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი აქვს სახელმწიფოს, შსს და პროკურატურა ძალიან ბევრ საინფორმაციო კამპანიას ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის. მაშინ ეს ყველაფერი ხომ ფუჭი და ძალადაკარგული გამოდის?!
თუ ჩვენ ძალადობაში ბრალდებულს ოვაციებით შევხვდით, მაშინ სხვა ადამიანმა რაღა დააშავა ორთვიან წინასწარ პატიმრობაზე რომ ვუშვებთ?! მე თუ კარგი ხმა მაქვს, ესე იგი არ ვარ დამნაშავე და თუ ხმა არ მივარგა, დამნაშავე ვარ? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია!" - აცხადებს მარინა მოდებაძე.
"დემოკრატ ქალთა საზოგადოება" უფლებადამცველი ორგანიზაციაა და 25 წელზე მეტია, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ზრუნავს.
მსახიობმა და რეპერმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, ახალციხეში კონცერტი შესაძლოა აღარ გამართოს. მომღერლის ახალციხეში ჩასვლის ფაქტმა მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
"ვიმედოვნებ, ახალციხელებს გვაქვს იმდენი ჭკუა და განათლება, ესენი რომ არ ვამღეროთ ჩვენს ქალაქში", - აღნიშნავს თაკო თუმანიშვილი.
"რატომ უნდა გადაუხადო ამას [კახა აბუაშვილს] თანხა, არ მინდა ჩემს ქალაქში მოძალადე მღეროდეს", - მიაჩნია დიანა თარხნიშვილს.
კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული.
გამოძიების ვერსიით, 25 ნოემბერს თბილისში ავტომანქანით გადაადგილებისას, აბუაშვილმა მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე რამდენჯერმე გაარტყა ხელი.
"ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია", - აცხადებენ პროკურატურაში.
გამოძიების ცნობით, ქალმა მანქანით გადაადგილებისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, შენიშნა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და პოლიციელებს დახმარება სთხოვა:
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კაბუ მანქანაში ინახავდა "პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით 1,28 გრამს".
კაბუს (კახა აბუაშვილს), თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 10 000 ლარი, შეუფარდა.
ასევე ნახეთ კაბუს გირაო - მოსამართლის გზავნილი ქალებს და "დაფასებული ხოტბა-დიდება"