რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბრის გადაწყდა.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.
აფხაზური ტელეგრამ-არხები წერენ, რომ ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ.
„არსად არ წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება“, - განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ.
„უკვე მოედანზე ვართ პარლამენტის წინ. ხვალ სესიაა, რომელიც არ უნდა იყოს და არც იქნება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვეტერანმა ლაშა ზუხბამ.
ე.წ. პარლამენტთან და სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე იმყოფება დე ფაქტო შს მინისტრი რობერტ კიუტი.
მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას მიმართვა. ის ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს“
„სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ჩათვლით“, - განაცხადა აგრბამ.
ასევე ნახეთ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება შესაძლოა 27 დეკემბერს დამტკიცდეს
მისი თქმით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ ვიდეოთვალთვალი მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
- 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
- რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
- რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
- მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
- ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
- ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტმა არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება და "აფხაზეთის ლიდერმა" შეთანხმება გაიწვიოს.
- რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა არძინბამ.