ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან ზუგდიდში გამართული შეხვედრის შესახებ წერს BMG. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას ენგურჰესის თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ კრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ოზგანს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
ენგურჰესის თანამშრომელი შეხვედრაზე განხილულ საკითხებსაც ასახელებს. „დიახ, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. "მინისტრი" იყო იქიდან წამოსული და ცხადია, აქედანაც მაღალი რანგის პირი უნდა შეხვედროდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა საქმიანი შეხვედრა იყო. როგორც იცით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მათ ნოემბერ-დეკემბრის გადაიხადეს და შესაძლოა, შემდეგი თვეების გადასახადზე ისაუბრეს. ნამდვილად ვიცი, რომ ზამთრის მომარაგებაზე [ელექტროენერგიის] იყო საუბარი. საუბარი შეეხო გამრიცხველიანებას", - განაცხადა ენგურჰესის თანამშრომელმა. ენგურჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, განიხილებოდა მხოლოდ ენგურჰესის ექსპლუატაციის საკითხი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მათ გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ასევე ნახეთ აფხაზური ოპოზიცია აღშფოთებულია ოზგანის "საქართველოს ტერიტორიაზე" ვიზიტითოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ აცხადებს, რომ „სანდო წყაროს მიერ დასტურდება“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის მინისტრის, „ვიცე-პრემიერ“ კრისტინა ოზგანის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ არსებული ინფორმაცია. ოზგანის ზუგდიდში გამართული შეხვედრის შესახებ მანამდე „Нужная газета“ იუწყებოდა.
კრისტინა ოზგანმა რუსულ მედიასთან საუბარში დაადასტურა ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკება და განაცხადა, რომ განიხილეს „2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე - კომპლექსის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები“. მისივე თქმით, „აფხაზური მხარე ვარდნილჰესის სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებს“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში კითხვაზე, თუ ვინ იყო თბილისის მხრიდან მომლაპარაკებელი, განაცხადა: “ვერ გეტყვით, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია”.
“რაც შეეხება ურთიერთობას, ენგურჰესი წლებია, გახლავთ მაგალითი, სადაც შესაძლებელი არის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, რათა, საბოლოო ჯამში, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათი შესაბამისი სოციალური პირობები - ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას - და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, რომ ურთიერთობები და კონტაქტი უნდა არსებობდეს”, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ენგურჰესი საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. იგი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი განლაგებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; გვირაბის ნაწილი, მართვის პულტი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა აფხაზურ მხარესაა.