თითქმის ორი საათი გრძელდებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილი, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლის ოპერაცია. როგორც "ვეტ-მედის" დირექტორი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ძაღლის მდგომარეობა ახლა შეესაბამება იმ სირთულის ოპერაციას, რომელიც ჩაუტარდა.
ასევე ნახეთ კრიტიკულად მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სტაბილურად მძიმეა. ჰემატომა მოვაშორეთ თავის ტვინიდან და ახლა დაკვირვების ქვეშაა... ტვინის ნაწილი, რა თქმა უნდა, დაზიანებულია, თუმცა აისახება თუ არა ფუნქციონალზე, არ ვიცით ჯერ. ვაკვირდებით, ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია... ამ ეტაპზე გაღვიძებას არ ვგეგმავთ", - ამბობს ვეტექიმი ოთარ მენაბდე.
მისივე თქმით, ძაღლის მკურნალობაში ჩაერთო ნევროპათოლოგი.
გუშინ, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.