ბელგრადის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ შენობის კარებში მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლსადენი გაზით უპასუხა, ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური ავრცელებს.
საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მეშვიდე დღეა მართავს. ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბლოკის წარმომადგენლებმა ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია".
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც 24 დეკემბერს მორიგი საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ სურდათ ბელგრადის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლა და ხალხისთვის მიმართვა მერიის აივნიდან. შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მათი შენობაში შეღწევის მცდელობა უკანონო იყო.
სერბეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სრჟან მილივოევიჩმა პოლიციას შენობის დატოვებისკენ და „ხალხის მხარეს დადგომისკენ“ მოუწოდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებში ორ-ნახევარი ათასი ადამიანი მონაწილეობს, სცენები "დრამატულად" გამოიყურება, მაგრამ "რევოლუცია არ ხდება".
კვირას საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებმა, ბლოკის, "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" წარმომადგენლებმა მარინიკა ტეპიჩმა და მიროსლავ ალექსიჩმა, ხალხს განუცხადეს, რომ ვუჩიჩის მმართველმა "სერბეთის პროგრესულმა პარტიამ" არჩევნები გააყალბა.
17 დეკემბერს სერბეთში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.
ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ არსებულმა კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. ხმების 23%-ით მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“. მესამე ადგილი, ხმების დაახლოებით 7%-ით, დაიკავა "სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ".
დედაქალაქ ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე გაიყო ორ კოალიციას შორის - დაახლოებით 38% მიიღო საპრეზიდენტო კოალიციამ, 34%-ზე ოდნავ მეტი კი - ოპოზიციამ.