მოლდოვის პროდასავლურმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მომავალ წელს ხელახლა იყრის კენჭს. აქვე მან მოუწოდა პარლამენტს, მოაწყოს რეფერენდუმი მოლდოვის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვის სამსახური ავრცელებს.
2023 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
24 დეკემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სანდუმ დაწერა, რომ მოლდოვის მომავალი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ მთელმა ქვეყანამ უნდა განსაზღვროს საკუთარი გზა.
"მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ შემოდგომაზე მოაწყოს რეფერენდუმი, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა", - დასძინა სანდუმ.
14 დეკემბერს სანდუ მიესალმა პარლამენტის მიერ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიღებას, რომელიც მის ქვეყანას დასავლეთთან აკავშირებს. "ესაა დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებისკენ", - განაცხადა სანდუმ.
შობის წინა ღამეს გაკეთებულ კომენტარებში მაია სანდუმ ამომრჩეველს სთხოვა, მხარი დაუჭირონ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ჩატარდება.
სანდუს არ დაუკონკრეტებია, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება არჩევნების პარალელურად.
მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ნიშნავს, რომ მაია სანდუ მესამედ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის.
2016 წლის არჩევნებში სანდუ დამარცხდა მოსკოვის მეგობარ პოლიტიკოსთან, მოლდოველი სოციალისტების ლიდერ იგორ დოდონთან, მაგრამ 2020 წლის არჩევნებში მასთან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც თანამიმდევრულად ილაშქრებს რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალების გზით მისი დამხობის მცდელობაში.
ასევე ნახეთ
ვინ ემუქრება დამხობით მოლდოვის ხელისუფლებას?