უკრაინაში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ეჭვმიტანილია შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქურდობაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, ოფიციალურმა პირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან, საარტილერიო ჭურვების საბითუმო პარტიის 1,5 მილიარდ გრივნად (დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარად) შეძენის თაობაზე. უკრაინის უშიშროების პრესრელიზის თანახმად, ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. მოგვიანებით, იმავე ჭურვების მიწოდებაზე და იმავე მწარმოებელთან თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განაცხადეს, რომ ოფიციალური პირი დააკავეს ბრალდებით, რომელიც კვალიფიცირებულია, როგორც უკრაინის არმიისა და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმური საქმიანობის შეფერხება, რამაც ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. ამ მუხლით ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთხელ გაეხვია შესყიდვებთან დაკავშირებულ სკანდალში, რის გამოც ივნისში თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთმა ხელმძღვანელმა.
ასევე ნახეთ
უკრაინის სამხედრო უწყება საკადრო წმენდის და კორუფციული სკანდალის სამიზნეშისკანდალი კი მოჰყვა გამოცემა Zn.ua-ს მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცებისთვის კვებისა და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად, უწყება პროდუქციას საბითუმო ფასებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულ ფასად ყიდულობდა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად მიმდინარე წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ომის დროს კორუფციული დანაშაულის სამშობლოს ღალატთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
უდრის თუ არა კორუფცია ღალატს? - რას ნიშნავს ზელენსკის ახალი ინიციატივაზელენსკის განცხადება ღალატზე დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს გარშემო აგორებულ მორიგ სკანდალს, რომლის თანახმად, უკრაინის სამხედრო უწყებამ გაბერილი ფასებით შეისყიდა ზამთრის ქურთუკები, რომლებიც სინამდვილეში ზაფხულისა აღმოჩნდა.