როგორ შეარჩია პირველ არხზე დასახური გადაცემები მენეჯმენტმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

მომავალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის დაიხურა "ტელესკოლა", რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, როგორც საგანმანათლებლო რესურსი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ დაფინანსების შემცირების შესახებ კანონის დაჩქარებულად მიღების გამო, ახალ ბიუჯეტზე მორგება 10 დღეში უნდა მოესწროთ.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრმა 21 დეკემბერს სხდომაზე მიიწვია არხის მენეჯმენტი იმის ასახსნელად, როგორ შეარჩიეს პროგრამები, რომლებიც, ფულის დაზოგვის გამო, აღარ უნდა გაგრძელდეს 2024 წლიდან. დირექტორის თქმით, ახალმა კანონმა მომავალი წლის ბიუჯეტი 91,8 მილიონიდან 85,2 მილიონ ლარამდე, 6,6 მილიონით შეამცირა.

"როგორ მოხდა ისე, რომ ნაკლებად პოპულარული და ძვირიანი გადაცემები დარჩა ბადეში და გადაცემები, რომლებსაც გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, დაიხურა", - იკითხა ლიკა ბასილაიამ, სამეურვეო საბჭოში პარლამენტიდან ე.წ. ოპოზიციის კვოტით არჩეულმა წევრმა.

რა ჯდებოდა გადაცემები, რომლებიც 2024 წლიდან აღარ გავა ეთერში:

  • "ტელესკოლა" - 1 179 781 ლარი;
  • „დღის კოდი“ - 461 096 ლარი;
  • „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ - 131 432 ლარი;
  • „ფერმა“ - 155 486 ლარი;
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ - 55 000 ლარი;
  • „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ - 143 194 ლარი;
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ (ანგარიშში თანხა არ წერია);
  • „კაცები PLAY“ - 275 000 ლარი.

ახალი კანონის მიხედვით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება. პირიქით, 2026 წელს იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მომავალი ორი წლის განმავლობაში. 2026 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 106 მილიონის ნაცვლად, 71 მილიონს მიიღებს.

თინათინ ბერძენიშვილის პრეზენტაცია

"უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა 10 დღე და გადავწყვიტეთ ისე, როგორც გადავწყვიტეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, სხვა გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გვქონდა. მე არ ვაპირებ აქ იმის თქმას, რომელი გადაცემა რომელს სჯობდა. ყველა გადაცემა, რომელზეც საუბრობთ, ჩემი, ჩვენი მენეჯმენტის დროს გაიხსნა, დაფრთიანდა და ძალიან მოგვწონდა", - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელზეც არხის ხარჯებს განიხილავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ შემცირებული ბიუჯეტის გამო ყველა outsource კომპანიას (გარე წარმოების) შეუცვალეს კონტრაქტის პირობები - ზოგთან შეწყდა კიდეც, "დანარჩენებთან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება. მინიმუმ შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი ყველას უნახევრდება ან პატარავდება".

"ყველას ძალიან მოგვწონდა ეს პროექტი ["ტელესკოლა"], მაგრამ ყველაზე დიდი თანხა იქედან გამოთავისუფლდა. ტექნიკური თანხაა - სატელიტის და ანძის, დაახლოებით მილიონი ლარი..." - თქვა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე დაიხურა ყველა ის გადაცემა, რომლებიც LIVE-რეჟიმში არ გადიოდა: "ვათავისუფლებთ მივლინების ხარჯს, რომელიც საკმაოდ მსხვილია. რა თქმა უნდა, ადამიანები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ა.შ. დავიტოვეთ LIVE-გადაცემები მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები [პროგრამული პრიორიტეტები], მათ [ამ გადაცემების] გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით".

თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ კანონის შეცვლამდე, მომავალი წლის ბიუჯეტი ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არხს უნდა დამატებოდა სერიალები და გადაცემები. პარლამენტის დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ მათი გეგმები შეცვალა - "თანხის კლება ნიშნავდა გადაცემების დახურვას, ჩვენ სხვა საოპერაციო ხარჯი არ გვაქვს".

ვიდეოკადრი თინათინ ბერძენიშვილის პრეზენტაციიდან

"როცა საუბარია დიდბიუჯეტიან გადაცემებზე - ერთ-ერთია "წიგნების თარო". გადაგვირჩა იმის გამო, რომ 2024 სასწავლო წელს რაც გავა, ის უკვე ჩაწერილია და მისი "კემბრიჯის პრიზით" უკვე ხარჯი გაწეულია", - თქვა დამატებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა რუსუდან მანჯგალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გადაცემებიდან არხზე დარჩება "მასტერშეფი", რადგან "იღებს თანხას, ტოვებს მოგებას", თუმცა საფრთხის წინაშე დგას სერიალი. არხის მედიის დირექტორი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბიუჯეტის შემცირებამდე იყო დაგეგმილი შუადღის გადაცემის, "დღის კოდის" ფორმატის შეცვლა, რომელიც "დიდი ჯგუფია" და "მსუყე ბიუჯეტი აქვს".

"ძალიან მძიმე დღეებს გავდივარ და ძალიან რთულია. ეს გადაცემები სხვას არ გაუხსნია, ჩვენ გავხსენით და რომ მოგვწონდა, იმიტომ იყო ეთერში და კიდევ დიდხანს იქნებოდა. ამას მოწმობს წინა ბიუჯეტი, რომელშიც ეს გადაცემები ჩასმული იყო - განვითარებასა და ოდნავ ფორმატის შეცვლაზე ვმუშაობდით", - აღნიშნავს რუსუდან მანჯგალაძე.

მისი თქმით, არხზე არსებული სამი მუსიკალური პროექტიდან იხურება ერთ-ერთი ძვირადღირებული გადაცემა "ნატალიასთან და დათუნასთან". მომავალ წელს მისი ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო 700 ათასი ლარი, საიდანაც 400 ათასი მუსიკოსების ჰონორარია.

"რანინას" უკვე კონკურსია ჩატარებული, ბავშვები შერჩეული და საბავშვო მეტი არხზე არ გვაქვს. "რანინა" დავტოვეთ, მაგრამ 10 ეპიზოდია - გამოდის, რომ არხზე არცერთი მუსიკალური გადაცემა არ გვაქვს. ამ პრინციპით დავტოვეთ "აკუსტიკა", რადგან ერთი მუსიკალური გადაცემა მაინც გვქონოდა და ამ არხის ბრენდი", - ასე განმარტა მუსიკალურ გადაცემებზე მიღებული გადაწყვეტილება მან.

მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. ორი კვირით ადრე, 14 დეკემბერს კი სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს დაუმტკიცა წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი. მასში არ იყო დეტალურად ახსნილი, რის ხარჯზე დაიზოგება თანხა მომავალი წლიდან.

15 დეკემბერს რადიო თავისუფლებას წყარომ აცნობა, რომ მაუწყებელზე იხურებოდა რამდენიმე პოპულარული გადაცემა. მათ შორის - "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე", რომლის წარმოებაც არხს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე სხვა გადაცემები.