მინისტრი: 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაუმატოს. ეს ინფორმაცია მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში საუბრისას გაავრცელა.

"2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყობთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს განკურნების შანსი უფრო მაღალია“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ფინანსური კუთხითაც ეფექტურია. მისივე ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით 40%-ით მცირდება.

უფრო ადრე, 30 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. ისინი ფინანსდებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.