სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის არიან დეკანოზი ბასილ ახვლედიანი და მღვდლები სპირიდონ ცქიფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი.
სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალდება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესცენტრში.
ადვოკატი სერგი ხურციძე არ ეთანხმება სასამართლოს და აცხადებს, რომ „ეს დროშა დაწვა ადამიანმა, რომელიც აპროტესტებს გარყვნილების პროპაგანდასა და მისი დაკანონების მცდელობას".
„სოლიდარობის ნიშნად", სასულიერო პირების გარდა, ევროკავშირის დროშები სხვა მოქალაქეებმაც დაწვეს. შარუხიას აქტიურად უჭერენ მხარს „ალტ-ინფოს" წარმომადგენლები.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ჯდება თუ არა სასულიერო პირების მოქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, „კანვას საქართველოს" დირექტორმა გიორგი მელაძემ თქვა: „მღვდლების მხრიდან საკუთარი დროშების დაწვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია".
მღვდლების მოქმედების შეფასებისას, მელაძემ აქცენტი გააკეთა ეკლესიაში რუსეთს გავლენებზე.
„ხშირად ამ ეკლესიის ქცევა არის გაუგებარი ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც გადაითარგმნება ხოლმე, როგორც „არც მწვადს წვავენ და არც შამფურს“. შეიძლება პატრიარქი რაღაცას მხარს უჭერდეს, ამ დროს კი გამოდიოდნენ ამ ეკლესიის ეპისკოპოსები და საპირისპიროზე ლაპარაკობდნენ. ამ ეკლესიას არ აქვს წესრიგი. იქ არიან რაღაც ინტერესთა ჯგუფები. წლებია, რომ რუსული ხაზი ამ ეკლესიაში იმდენად ძლიერია, რომ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ: ეს ეკლესია რუსულია. ასე რომ, შეიძლება პატრიარქმა რაღაც თქვას ევროპის მხარდასაჭერად, რაც არ არის ცუდი, მაგრამ ახლა ეკლესიის სხვადასხვა წევრების მხრიდან დაიხარჯება დიდი რესურსი საპირისპირო პოზიციის დასადასტურებლად“, - თქვა გიორგი მელაძემ.
რადიო თავისუფლება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან დაკავშირებას ცდილობს. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დადებითად შეაფასა. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პატრიარქმა აღნიშნა: „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა".
ასევე ნახეთ პატრიარქი: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომებაა ჩადებულიეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა საქართველოში საჯარო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისთვის და დაწვისთვის „ალტ-ინფოს" წარმომადგენელი ზურა მახარაძე და მისი ოთხი თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა იმ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იხელმძღვანელეს, რომლის თანახმად, „საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით".
ასევე ნახეთ EU-ს დროშის დაზიანების გამო რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ზურა მახარაძე