თითქმის ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს 14 წლის მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკბინა. ბავშვს ცოფის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა აქვს გაკეთებული - ახლა კლინიკამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს მისთვის საკმარისი დოზა, თუ სჭირდება დამატებითი ინიექციები.
ასევე ნახეთ ნაპოვნია ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრაბავშვი ძაღლმა, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს დაკაწრა. ეს ამბავი გაიგო შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველმა, რომელსაც ბავშვის მამამ, ცოფზე ეჭვის გამო, ძაღლის მეთვალყურეობა სთხოვა. კაცი გამყიდველთან ძაღლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად ორჯერ მივიდა, მათ შორის 17 დეკემბერს - ძაღლის სიკვდილის წინა დღესაც.
ამ დროის განმავლობაში მოზარდს ბოკერიას სახელობის კლინიკაში სამჯერ გაუკეთდა ცოფის ვაქცინა. თუმცა ინფორმაცია, რომლითაც სახელმწიფო სამსახურები დაადასტურებდნენ, რომ ბავშვი ვაქცინაციის კურსს იტარებდა, მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გახდა ხელმისაწვდომი.
რადიო თავისუფლებას თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა ციცო დილებაშვილმა უამბო, რომ ძაღლის სიკვდილის შესახებ ინფორმატორი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელსაც ბავშვის მამამ ცხოველის მეთვალყურეობა სთხოვა. მან კაცის არც სახელი არ იცოდა და არც - ტელეფონი.
"ვეძებდით ვაჟს, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა სავარაუდოდ სამი აცრა. გავაგზავნეთ წერილი ყველა ანტირაბიულ (ვაქცინაციის) ცენტრში, ასევე განათლების სამინისტროში სკოლებში ინფორმაციის გასავრცელებლად. ინფორმატორმა ბავშვის მამის არც სახელი იცოდა, არც ტელეფონი", - ამბობს ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ბავშვს ეძებდნენ ყველა შესაძლო გზით. იმისთვის, რომ ზუსტად მომხდარიყო შემთხვევის იდენტიფიცირება, მიუთითეს ზუსტი მისამართიც:
"ინფორმაცია გავრცელდა მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით. პოლიციაც იყო ჩართული..."
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ სწორედ იმ დროს, როცა შესაბამისი სამსახურებიდან ცოფით ვაქცინირებული ბავშვების განახლებული ინფორმაცია მიიღო, ტელეფონზე დაურეკეს.
"ამ ბავშვის მამის მეგობარმა წაიკითხა ძებნის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში, მიაკითხა იმ მაღაზიას... დამირეკეს ტელეფონზე და მომცეს ბავშვის მამის ნომერი", - ამბობს თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი.
ასევე ნახეთ ყველაფერი ცოფზე: რამდენად საშიშია და როდის უნდა აიცრათმოზარდის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა ჩასტარებოდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.
ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებდა ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა კახეთის გზატკეცილზე "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.
ცოფის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, დაკაწრავს ან დანერწყვავს ღია ჭრილობაზე. ვაქცინა ერთჯერადად არ კეთდება, რიგ შემთხვევაში აუცილებელია 3 ინიექცია, ზოგჯერ კი - 5. გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ცოფი იწვევს სიკვდილს, თუ ინფიცირებული ვაქცინას არ გაიკეთებს.