ნაპოვნია მოზარდი, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ დაკაწრა ცოფიანმა ძაღლმა. ბავშვი მშობელთან ერთად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცოფის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა აქვს გაკეთებული. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მშობელს არ სურს მედიასთან კომუნიკაცია და სწორედ ამის გამო დეტალებზე ვერ საუბრობენ.
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა ციცო დილებაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ 14 წლის ბიჭს ცოფზე სამი ვაქცინა გაუკეთდა.
ასევე ნახეთ "პოლიციაც იყო ჩართული" - როგორ იპოვეს 14 წლის მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრამოზარდის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა ჩასტარებოდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.
ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებდა ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა კახეთის გზატკეცილზე "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.
ასევე ნახეთ ყველაფერი ცოფზე: რამდენად საშიშია და როდის უნდა აიცრათცოფის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, დაკაწრავს ან დანერწყვავს ღია ჭრილობაზე. ვაქცინა ერთჯერადად არ კეთდება, რიგ შემთხვევაში აუცილებელია 3 ინიექცია, ზოგჯერ კი - 5. გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ცოფი იწვევს სიკვდილს, თუ ინფიცირებული ვაქცინას არ გაიკეთებს.