ზელენსკის პრესკონფერენცია: ომის დასრულების ვადების პროგნოზირება შეუძლებელია

ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია. კიევი, 19 დეკემბერი, 2023.

სამშაბათს, 19 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს.

ადრე ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ოფისის ხელმძღვანელმა. პრესკონფერენციის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ არ გამოუცხადებიათ.

ზელენსკიმ პრესკონფერენცია დაიწყო მადლობით, რომელიც მან გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრებს, რომლებიც ფრონტზე იბრძვიან.

ასევე მან უკრაინას მიულოცა ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა ომის დასრულების სავარაუდო ვადებზე.

მისი თქმით, წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს კონფლიქტი.

„ომი, გამარჯვება, სტაგნაცია - დამოკიდებულია მრავალ გადაწყვეტილებაზე, მრავალ მიმართულებაზე, მაგრამ უმეტესად - ჩვენზე. თუკი უდრეკნი დავრჩებით, ომს უფრო ადრე დავასრულებთ“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე ახსენა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე სწრაფ გამარჯვებას პროგნოზირებდა, მაგრამ მისი პროგნოზი არ გამართლდა.

პრესკონფერენციაზე ზელენსკის შეკითხვა დაუსვეს უკრაინის არმიაში მობილიზაციის შესახებ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედროებმა მას 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება სთხოვეს, მაგრამ სამხედროებს მოსთხოვა, შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ ახალი მეომრების მობილიზებას, არამედ იმათ დემობილიზაციას, ვინც უკვე თითქმის ორი წელია, იბრძვის.

„მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება, რათა მხარი დავუჭირო ამ მიმართულებას“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამართლიანობის დაცვა.

„არ შეგვიძლია ყველაზე მამაცი ადამიანების, მათი მორალური მდგომარეობის დაკარგვა“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის ადამიანების მობილიზაცია დაახლოებით 500 მილიარდი ჰრივნა დაჯდება (დაახლოებით 13 მლრდ დოლარი).

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ის უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.

„მე არასოდეს მილაპარაკია ვიქტორ ორბანთან ცეცხლის შეწყვეტის ან პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ახსენა, რომ ორბანის გამოსვლაში იყო რაღაც ასეთი ნახსენები, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება „არ არის ჩვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი და მან ეს იცის, მე მას ამაზე ველაპარაკე“, - დასძინა ზელენსკიმ.

BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომის წაგებას იწყებს, ზელენსკიმ უპასუხა: „არა!“

მისი თქმით, 2022 წელს უკრაინა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ იქნა, მაგრამ უკრაინამ მოახერხა ბლოკადის გარღვევა.

ზელენსკის თქმით, გამარჯვების საფასური ძალზე დიდია და აღნიშნა, რომ უკრაინას მართლაც აქვს „სირთულეები“ - ამჟამად ეს სხვათა შორის დაკავშირებულია შეიარაღების არასაკმარისად მიწოდებასთანაც.

„ერთი შეხედვით არის რისკები. მაგრამ ჩვენ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, ვიბრძვით, გვწამს ჩვენი ნაბიჯების, ყოველ შემთხვევაში, რათა მერე არ შეგვრცხვეს“, - დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, ხედავს თუ არა ის ანალოგიას ამჟამად ღაზის სექტორში პალესტინელების მძიმე მდგომარეობასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას შორის. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ორ კონფლიქტს შორის პრინციპული სხვაობაა - უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე უკრაინას არ მოუწყვია ტერორისტული აქტი რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას თავისი სამხედრო სტრატეგიის შეცვლა ზაფხულში დაწყებული კონტრიერიშის არცთუ წარმატებული შედეგების შემდეგ და აპირებს თუ არა პრეზიდენტი სამხედრო ხელმძღვანელობის გამოცვლას.

„სტრატეგიის შეცვლა არ შეიძლება ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. ეს ჩვენი ტერიტორიაა“, - თქვა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ტაქტიკის შეცვლა შეიძლება „2023 წელს ჩვენი მოქმედებების ანალიზის შემდეგ“.

სამხედრო ხელმძღვანელობის გამოცვლის შესახებ შეკითხვას მან არ უპასუხა.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს ნაწილობრივ, ისე, რომ უსაფრთხოების გარანტიები ვრცელდებოდეს არა მთელს ქვეყანაზე, არამედ მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნატოში მისი ქვეყანა არ მიუწვევიათ, თუმცა „ეს ყველაზე ძლიერი ვარიანტია“.

„ნატოში არ გვეპატიჟებიან. და ნაწილობრივი წევრობის შესახებ სიგნალები, მართალი რომ გითხრათ, სისულელეა. ასეთი წინადადება არასოდეს მიგვიღია არცერთი პარტნიორისგან“.

ამავე დროს ზელენსკიმ აღიარა, რომ დასავლელ მოკავშირეებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებები სასურველზე უფრო ნელა მიმდინარეობს.

პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ ბოლოს და ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას კიევისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰაერში არასაკმარისმა უპირატესობამ უკრაინის არმიას ხელი შეუშალა დიდი წარმატებების მიღწევაში ზაფხულის კონტრიერიშის დროს.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების გაცვლის პროცესს შეეხებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი შენელებულია, თუმცა მიზეზი არ დაასახელა.

უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა მობილიზაციის თემაზე და განაცხადა, რომ კანონს, რომელიც არმიაში ქალების მობილიზაციას ითვალისწინებს, ხელს არ მოაწერს. ამავე დროს მზადყოფნა გამოხატა, მოიწონოს კანონი, რომელიც მოიცავს მოსახლეობის სხვა კატეგორიების მობილიზაციას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მრეწველობა მომავალი წლის განმავლობაში 1 მილიონ დრონს დაამზადებს.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინაში მიმდინარე ომში სამხედრო მოქმედებების წარმოების პრინციპები.

მათი აზრით, სწორედ დრონების გამო ვერ ახერხებენ ვერცერთი მხარის შეიარაღებული ძალები დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკისა და ჯარების თავმოყრას მასშტაბური ოპერაციების ორგანიზებისთვის.

უკანასკნელი შემაჯამებელი პრესკონფერენცია ზელენსკიმ გამართა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით - 2023 წლის 24 თებერვალს.