“არ ვიცი სხვა პარტნიორი, რომელიც საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან” - ნატოს ოფიციალური პირი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა მართავს პრესკონფერენციას თბილისში. 19 დეკემბერი, 2023 წელი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ არ იცის სხვა პარტნიორი, რომელიც “საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან”.

მისივე თქმით, ახლა ისტორიული მომენტია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან გახსნილია ფანჯარა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.

„ახლა არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველო-ნატოს ორმხრივ ურთიერთობას“, - განაცხადა კოლომინამ 19 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ დაეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში, მაგრამ კოლომინამ პირობა დადო, რომ დაეხმარება თბილისს თუნდაც პატარა პროგრესის მიღწევაში.

კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოსგან ელის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას, რაც ასევე მოიცავს ნატოს მოთხოვნებს. მისივე თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი გარკვეულ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებზე. ამასთან, ჯერ საჭიროა გაუმჯობესება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობა, სასამართლო რეფორმა, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია.

დაესწრება თუ არა საქართველო ნატოს მომავალ სამიტს, კოლომინა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, დაესწრება “რაიმე ფორმატში”.

ნატოს გენმდივნის წარმომადგენლის თანახმად, რუსეთის ომმა უკრაინაში დრამატულად შეცვალა გეოსტრატეგიული სცენის აღქმა ალიანსში, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ეს შეიძლება შეიცვალოს გეოსტრატეგიული სიტუაციის გამო.

ეს 2023 წელს ხავიერ კოლომინას მეექვსე ვიზიტია რეგიონში და მეორე - თბილისში.

ვიზიტის ფარგლებში კოლომინა შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მთავრობის ადმინისტრაციაში მხარეებმა განიხილეს საქართველოს კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში.