ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი რუსეთს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს" ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ვეტერანი ჟურნალისტი თათარ-ბაშკირული სამსახურიდან, რომელიც რუსეთში უკვე ორი თვის განმავლობაშია დაკავებული.
"ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალსუ კურმაშევა, რომელსაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებისთვის" - წერს ბორელი სოციალური მედიით 18 დეკემბერს. "რუსეთის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების უფლება და უნდა შეწყვიტოს მათი დევნა" - დასძენს ის.
კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ის პრაღაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა რადიო თავისუფლებისთვის. მაისში კურმაშევა ოჯახური მიზეზების გამო რუსეთში ჩავიდა. 2 ივნისს ის დროებით დააკავეს, როცა თათრეთის დედაქალაქის, ყაზანის აეროპორტში უკან დასაბრუნებელ რეისს ელოდებოდა და ორივე პასპორტი ჩამოართვეს. მას შემდეგ კურმაშევას რუსეთის დატოვების უფლება აღარ აქვს, იგი სამოგზაურო დოკუმენტების დაბრუნებას ელოდებოდა.
11 ოქტომბერს ყაზანის სასამართლომ კურმაშევა 10 000 რუბლით ($110) დააჯარიმა, "რუსეთის უწყებებისთვის მეორე მოქალაქეობის მიღების არ შეტყობინების გამო".
კურმაშევა მეორედ დააკავეს 18 ოქტომბერს და ამ ჯერზე ბრალად დასდეს ის, რომ მან რეგისტრაცია არ გაიარა "უცხოეთის აგენტად" - რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 დეკემბერს ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის მესამე საქმე აღძრა - ამჯერად რუსეთის არმიის შესახებ "სიყალბის" გავრცელების გამო წიგნისთვის "არა ომს".
წიგნი ალსუ კურმაშევას თანარედაქტორობით რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირულმა სამსახურმა 2022 წლის აგვისტოში გამოსცა. წიგნში თავმოყრილია რუსეთის ვოლგისპირეთის რეგიონის იმ 40 მოქალაქის ისტორიები, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გაილაშქრეს.