სახელმწიფომ „იცის” როგორ აღზარდოს იდეალური მოქალაქე, მაგრამ კვლავ ვერ ასწავლის ბავშვებს წაკითხულის გააზრებას

თბილისის 161-ე საჯარო სკოლა

12 დეკემბერს განათლების მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა საშუალო სკოლების განათლების რეფორმა წარადგინეს, თუმცა ამ ღონისძიების შემდეგ, არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ახლებიც დაემატა. 

სამინისტროს არ წარუდგენია კონკრეტული დოკუმენტები, სამოქმედო გეგმა ან ფინანსური გათვლა, რომელიც აჩვენებდა, როდის და როგორ იგეგმება გამოცდების სისტემის ცვლილება, სახელმძღვანელოების განახლება ან სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა. არაფერი თქმულა ქართველი მოსწავლეების უკიდურესად საგანგაშო შედეგებზე წაკითხულის გააზრებაში, რაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უცვლელ პრობლემად რჩება სისტემისთვის და მასწავლებლის, როგორც არაპოპულარული პროფესიის გადარჩენის გზადაც მხოლოდ ხელფასების ზრდა იქნა შეთავაზებული. სახელმწიფოს არ უღიარებია პრობლემად გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათობით სკოლაში, რომელთა ათასობით მოსწავლე წლების განმავლობაში სხვა თანატოლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ჩააყენა სისტემამ.

მთავარი აქცენტი გაკეთდა ეროვნული განათლების მიზნების ცვლილების აუცილებლობაზე - ესაა 20 წლის წინ, 2004 წელს მიღებული და იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული დოკუმენტი, რომლის ცვლილების გეგმაც დარგის სპეციალისტებმა გასულ წელს შესთავაზეს სამინისტროს.

თუ თქვენ 2004 წლის შემდეგ მიიღეთ სასკოლო ან საუნივერსიტეტო განათლება, დიდი ალბათობით, ჩართული იყავით ქართული დნმ-ის შეცვლის ექსპერიმენტში და სახელმწიფო თქვენთვის ეროვნული იდენტობის, ქართველობის წართმევას ცდილობდა, - დაახლოებით ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს, განათლების რეფორმის წარდგენისას. მან საზოგადოებას უთხრა, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაფიოდ უნდა გაწეროს, როგორ აპირებს სახელმწიფო ბავშვებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების შესახებ.

განათლების სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, საშუალო განათლების რეფორმის პრეზენტაცია კონსერვატიული ჯგუფების გულის მოგებაზე იყო გათვლილი და პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასკოლო რეფორმის გეგმის წარდგენას.

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სასკოლო განათლების რეფორმაზე მინისტრად დანიშვნიდან 9 თვის თავზე ისაუბრა.

საშუალო განათლების რეფორმის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემის, PISA-ს შედეგები. 2023 წელსაც ქართველი მოსწავლეების შედეგები კვლავ საგანგაშოა როგორც მათემატიკაში, ისე წაკითხულის გააზრებაში. მცირეოდენი პროგრესის მიუხედავად, შედეგები ცუდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც. ამ კვლევის თანახმად, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.

ასევე ნახეთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა მოსწავლეებს ისევ უჭირთ - PISA-ს კვლევა

გარდა უშუალოდ აკადემიური შედეგებისა, კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი მოსწავლეებისთვის გამოწვევაა ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხოება და ძალადობა სკოლებში.

  • 15 წლის ქართველი მოსწავლეებიდან ყოველი მეათე თავს გარიყულად გრძნობს, კიდევ ერთი მეათედი კი მარტოსულად;
  • მოზარდების 13% უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით;
  • ყოველი მეათე ბავშვი კი აღნიშნავს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს არც სკოლაში და არც სკოლის გზაზე.

განათლების რეფორმის პრეზენტაციის პარალელურად სამინისტროს შენობასთან აქციას მართავდნენ სკოლის დირექტორობის ის კანდიდატები, რომლებიც უსამართლოდ მიიჩნევენ დირექტორების შესარჩევ კონკურსს. 2023 წლის ზაფხულში ჩატარებული კონკურსის 20-მდე მონაწილე პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლად თვლის თავს და სასამართლოში ჩივის.

სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად ოპერასთან - დავით ფერაძე და მაია ეკალაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ შეხვედრას მინისტრთან.

„არ არის კონკრეტიკა და დეტალები და შეუძლებელია ასე რაიმე დასკვნის გაკეთება. ყველა მიმართულება იყო ძალიან ზოგადი და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე, რა მიზანს ემსახურება [ეს სიახლეები]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების მენეჯმენტის სპეციალისტი შალვა ტაბატაძე. მას მაგალითად მოჰყავს მასწავლებლის ხელფასების გამოანგარიშების ახალი ფორმულა, რომელიც არ არის ახსნილი როგორ გამოინგარიშება და არც ის განმარტება ახლავს თან, რა ეფექტი ექნება მასწავლებლის ხელფასების ზრდას სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. შალვა თვლის, რომ ბუნდოვანება ახლავს გამოცდების სისტემის ცვლილებასაც და სახელმძღვანელოების განახლების პროცესსაც, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი ისედაც დაგეგმილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებასთან ერთად მომავალ წლებში.

ასევე ნახეთ დემოკრატიის თამაში - როგორ იქცა სკოლის დირექტორის არჩევნები დანიშვნად

შალვა გვიხსნის, რომ სახელმწიფოს უკვე აქვს სტრატეგიული და სამოქმედო დოკუმენტები, სადაც გაცილებით დეტალურად არის აღწერილი გამოწვევებიც და ამოცანებიც. ასეთებია, მაგალითად, „განათლების და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030“ და საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030”. ამ დოკუმენტში წერია, რომ:

  • 2021 წლის მონაცემებით, ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით.
  • 10 ათასამდე ისეთი მასწავლებელია სისტემაში, რომელმაც ვერ გადალახა მინიმალური კომპენტენციის ზღვარი იმ საგანში, რასაც ასწავლის.
  • მასწავლებლობა ისევ არ არის მიმზიდველი პროფესია - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც მასწავლებლებს ამზადებს, ძირითადად ის სტუდენტები ირჩევენ, ვისაც დაბალი შედეგი ჰქონდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და უნივერსიტეტში სწავლის დროსაც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

სტრატეგიულ დოკუმენტებში ისიც აღნიშნულია, რომ საჭიროა, მაგალითად, სკოლების დეცენტრალიზაცია, ციფრული ტრანსფორმაციის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა და არაფორმალური განათლების განვითარება, ასევე განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ განათლების რეფორმის პრეზენტაციას იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიხილეთ, გარდა 51 000 მასწავლებლის დამშვიდებისა, რომ ყველა მათგანის ხელფასი გაიზრდება მომავალ წელს, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი, ისახავდა კიდევ ერთ მიზანს და ეს არის კონკრეტული ჯგუფების გულის მოგება, რომლებიც პერიოდულად ილაშქრებენ სკოლებში ლიბერალური ღირებულებების სწავლების წინააღმდეგ, ითხოვენ რელიგიის სწავლებას ბავშვებისთვის და გამოირჩევიან ეთნონაციონალისტური ნარატივებით.

ასევე ნახეთ უნდა ისწავლონ თუ არა ბავშვებმა რელიგია სკოლაში

„[ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს] მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ, რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის პრეზენტაციისას მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის მეთერთმეტე წელს და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ამილახვარი შეძლებს ამ სფეროს რეფორმირებას.

„განახლებული მიზნები, მეგობრებო, დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურის და ოჯახის ფასეულობების კუთხით“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განათლების სისტემის რეფორმაზე სხვადასხვა წლებში საუბრობდა განათლების ყველა მინისტრი - მაგალითად, 2013 წელს თამარ სანიკიძის მთავარი გეგმა იყო „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის შემუშავება“, 2017 წელს ალექსანდრე ჯეჯელავამ წარადგინა „განათლების რეფორმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის“, 2018 წელს იყალთოს აკადემიაში გამართეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პომპეზური პრეზენტაცია, 2018 წელს კი მიხეილ ჩხენკელმა უკვე „განათლების სისტემის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიზანიც სწავლების ყველა საფეხურზე ხარისხის ამაღლება იყო.

რეფორმის წარდგენისას განათლების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ განახლებული სტრატეგიის მიზანი არ იქნება „ახალი მოქალაქის შექმნა“.

„ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, ეროვნულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა, ისტორია, შექმნის და გაიზრდება ოჯახის ფასეულობებზე“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ პირველივე პუნქტი ასეა ფორმულირებული:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

„ამაზე ამხელა აქცენტი, რომ ეროვნული მიზნებია შესაცვლელი მაშინ, როცა მართლაც ბევრი რამეა შესაცვლელი სისტემაში, ალბათ უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მე ამ განცხადებებში ეთნიკური პატრიოტიზმი უფრო დავინახე, ვიდრე სამოქალაქო პატრიოტიზმი, რაც პრობლემაა თავისთავად, ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. პარტიული და საარჩევნო მიზნები სძალავს კვლავ საგანმანათლებლო მიზნებს დღის წესრიგში და ფოკუსი კვლავ ნაკლებად არის საგანმანათლებლო მიზნებზე. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქცევა მოსწავლეების ინდოქტრინაციის ინსტრუმენტად. ჩვენ გვინდა მოსწავლეებს მივცეთ განათლება და ამ რიტორიკით, გვთავაზობენ ინდოქტრინაციას, რაც ყველა მიმართულებით, თუნდაც დემოკრატიის, ტოლერანტობის მიმართულებით პრობლემურია. მოსწავლეებს უნდა მივცეთ აზროვნების და მრავალმხრივი ხედვების შესაძლებლობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შალვა ტაბატაძე.

სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. მათთვის, როგორც საპატიო სტუმრებისთვის, წინა რიგში იყო გამოყოფილი ადგილი.

„ცხადია, ეროვნული მიზნების წარდგენის სტილი იყო უფრო მეტად კონსერვატიულ ჯგუფებზე გათვლილი, თუმცა მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვარ განმსჭვალული, ხშირად მათი ნარატივი და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება. მაგალითად, ახლანდელ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს რომ შევხედოთ, იქ ეროვნულ ინტერესებზეც, ტრადიციებზეც, ღირებულებებზეც არის საუბარი და დარწმუნებული ვარ, განახლებული დოკუმენტი იქნება გაცილებით უფრო ნორმალური, ვიდრე ეს იყო წარმოდგენილი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების სპეციალისტი, „განათლების კოალიციის“ დირექტორი, გიორგი (გოტა) ჭანტურია.

იგი არაერთ ადამიანთან ერთად თვეების განმავლობაში მუშაობდა დოკუმენტზე, რომლის შესახებაც კარგად არიან ინფორმირებული სამინისტროში - ესაა განათლების კოალიციის მიერ მომზადებული რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ უნდა განახლდეს ეროვნული მიზნები. ამ დოკუმენტში, რომელიც ათობით სპეციალისტის და მასწავლებლის მონაწილეობით შეიქმნა, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ „დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი არ უნდა განსაზღვრავდეს მოქალაქეების იდეალურ ხატს, არ უნდა უთითებდეს, თუ რას უნდა ფიქრობდეს, გრძნობდეს, ან რისი სურვილი უნდა ჰქონდეს თითოეულ მათგანს. ასეთი ფორმულირება ტოტალიტარული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი“.